ერთი გოლის ფასი: გაგრამ ტორპედოს მოუგო, სიონმა - საბურთალოს...

News

ერთი გოლის ფასი: გაგრამ ტორპედოს მოუგო, სიონმა - საბურთალოს...

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა მოიგეს: სიონმა ბოლნისში 1:0 მოუგო საბურთალოს, ხოლო გაგრამ ზესტაფონის სტადიონზე ტორპედოს სძლია - 1:0.

სიონი 1:0 საბურთალო

სიონს 25 აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ახლა 11-მატჩიანი სერია დაასრულა და საბურთალოს 1:0 სძლია. ბოლნისელთა მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა გიორგი ჭელიძეს.

გოლი 77-ე წუთზე ლუკა ჩაგანავამ გაიტანა. ეს 18 წლის ნახევარმცველის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

სიონი მეცხრე ადგილზე დარჩა, თუმცა შანსი აქვს, რომ მეშვიდეზე გავიდეს და პლეი-ოფი თავიდან აიცილოს. საბურთალომ კი ზედიზედ მეოთხედ წააგო და მეექვსე საფეხურზეა.

ტორპედო 0:1 გაგრა 

ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გავიდა. გაგრამ თემურ შონიას გატანილით მოუგო ტორპედოს. შონიასთვის ეს მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

მანამდე, პირველი ტაიმის ბოლოს ტორპედომ პენალტი ვერ გამოიყენა, კერძოდ, მათე ცინცაძის დარტყმული მოიგერია მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ.

და კიდევ, მოქმედებდა VAR-ის სისტემა. ვიდეო მსაჯი იყო ალეკო აფციაური, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენტი - ჯენერი ხორავა.

გაგრამ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და მეშვიდე ადგილზე გადავიდა: ერთი ქულით გაუსწრო თელავს. რაც შეეხება ტორპედოს, მეხუთე პოზიციაზე დარჩა და პლუს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი აქვს სათამაშო ლოკომოტივი 2-თან.