კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და ორივეში სტუმრებმა მოიგეს: დინამო ბათუმმა ქუთაისში ტორპედოს აჯობა, ხოლო მეორე შეხევდრამ ლიდერი შეცვალა: რუსთავმა იბერია 1999-ს მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა. ლამაზი და ორიგინალური გოლებიც ვნახეთ...
რუსთაველებმა მოქმედ ჩემპიონს მოუგეს, გადაუსწრეს და მეორე წრეს ლიდერის რანგში ამთავრებენ.
პირველი ტაიმი იბერიელებმა მოიგეს, კერძოდ, გიორგი ჯინჯოლავამ დაბალი პასი გააკეთა, მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია და ამირან ძაგანიას დამატებაზე გატანა აღარ გასჭირვებია.
აი, მეორე ტაიმში კი სურათი შეიცვალა. რუსთავმა ორი გოლი გაიტანა და ორივე ერთმანეთზე ლამაზი.
ჯერ პრინს ოსეიმ მარცხნიდან დაიწყო შეტევა და ინდივიდუალურ გარღვევას შორიდან ცხრიანში დარტყმაც მიაყოლა - 1:1.
და ბოლო წუთზე პატარა საფეხბურთო წარმოდგენა ვნახეთ: ვაჟა ფაცაციამ 60 მეტრიდან გაიტანა. ბურთი იშვიათი სიზუსტით წავიდა კარში და მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა ვერ მოიგერია.
ანდრი დემჩენკოს დებიუტი, იბერიელთა მთავარი მწვრთნელის რანგში, მარცხიანი გამოდგა.
ტორპედომ ზედიზედ მესამედ წააგო, ხოლო ბათუმელები ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადავიდნენ. ჯერჯერობით ასეა, სანამ დინამო თბილისი ითამაშებს...
პირველი ტაიმის შუაში ბათუმელებმა ორჯერ გაიტანეს. ორივეჯერ დმიტრი მანდრიჩენკომ, რომელმაც ჯერ გურამ ჯაფარიძის პასი გამოიყენა, მერე კი უერდი მარას გადაცემა შეირგო - 0:2.
42-ე წუთზე ტორპედოს მცველმა დავით ბუკიამ თავურით შეამცირა სხვაობა და გამოასწორა შეცდომა, რომელიც მეორე გაშვებული გოლისას დაუშვა.
თუმცა შესვენების მერე მალევე ისევ ორბურთიანი გახდა სხვაობა: კარგი კომბინაცია, მერე ნიკა კალანდარიშვილის პასი და მარას ერთ შეხებაში დარტყმა - 1:3.
მე-60 წუთზე კი ტორპედოელმა გიორგი არაბიძემ 30 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ცხრიანში გავიდა. მშვენიერი გოლი იყო - 2:3.