სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი; მეათე ტურის ამბები...

News

სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი; მეათე ტურის ამბები...

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტური დასრულდა შაბათს სამი მატჩი გაიმართა. სამგურალმა ოთხმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და გაგრას მოუგო. ჩემპიონმა იბერია 1999-მა მეშახტეს აჯობა, ხოლო დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა: დინამო ბათუმი-დინამო თბილისი 2:2.

სამგურალი 2:0 გაგრა 

წყალტუბოელებმა პირველ წრეშიც სძლიეს გაგრას და ამჯერადაც. სამგურალის მწვრთნელი გიორგი ონიანი შარშან სწორედ გაგრაში მუშაობდა.

გოლები პირველი ტაიმის რვაწუთიან მონაკვეთში გავიდა. ჯერ ირაკლი ჯანჯღავამ ახლო მანძილიდან დაამატა ბურთს და ანგარიში გახსნა, მერე კი ლევან გეგეჭკორმა კუთხური ჩააწოდა და კლაუდიო სებოლინიამ თავურით გაიტანა. სებოლინიამ პირველ წრეშიც მოახერხა გაგრასთან გატანა.

სამგურალი მეშვიდე ადგილზეა, გაგრა კი მერვეზე. სხვაობა მათ შორის ერთი ქულაა.

მეშახტე 1:4 იბერია 1999 

ჩემპიონმა მატჩი სწრაფ ტემპში, შეტევებით დაიწყო და ათ წუთში გაიტანა: ამირან ძაგანიას პასს მოჰყვა ვახო ბედოშვილის ახლო კუთხეში დარტყმა და 0:1.

გავიდა კიდევ ათი წუთი და ანგარიში გათანაბრდა. ლევან ქურდაძის ჩაწოდებულს მოჰყვა ექს-იბერიელი ირაკლი სიხარულიძის თავური - 1:1.

პირველი ტაიმი მაინც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. პაატა ღუდუშაურმა გაიტანა... მან ბართიშვილის პასი გამოიყენა.

75-ე წუთამდე ძალიან დაძაბული თამაში მიმდინარეობდა. მერე კი ბედოშვილმა კიდევ ორჯერ გაიტანა. ჯერ გიორგი კუციას გარე ტერფით გაკეთებული პასის მერე ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში; ოთხ წუთში კი ნიკოლოზ დადიანის გადაცემას მოჰყვა ბედოშვილის დაბალ კუთხეში დარტყმა და 1:4.

ბედოშვილი პირველია, რომელმაც მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

იბერია 1999 ლიდერია, მეშახტე კი ბოლოსწინა ადგილზეა.

დინამო ბთ 2:2 დინამო თბ

დინამოების დაპირისპირებაში ოთხი გოლი და ფრე ვნახეთ. ბათუმელები ორჯერ იგებდნენ.

სწრაფი გოლი: თორნიკე კირკიტაძე მარჯვნიდან გაექცა მეტოქეს, დაახლოებით პენალტის ნიშნულთან გააკეთა პასი და არტემ მილჩენკომ ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა - 1:0.

მე-18 წუთზე თბილისელები ათი კაცით დარჩნენ, რადგან ბარნს ოსეიმ მეორე გაფრთხილება მიიღო და გააძევეს.

მიუხედავად ამისა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში: ალექსანდრე კალანდაძემ ნიკა ნინუას ცაწოდებულ კუთხურს თავური მიაყოლა და 1:1.

ტაიმის ბოლო წუთზე ბათუმელებმა პენალტის უფლება მიიღეს. არბიტრმა ბაკურ კუნჭულიამ VAR-ზე ნახა ეპიზოდი, დანიშნა თერთმეტმეტრიანი და ნიკა კალანდარიშვილმა გამოიყენა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა კაცნაკლულმა დინამო თბილისმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა: გიორგი ხარებაშვილის პასს მოჰყვა როდრიგო რამუშის ძლიერი დარტყმა ცხრიანში - 2:2. ბევრი მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საინტერესოა, რომ წლეულს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაც 2:2 დასრულდა და სცენარიც ზუსტად იგივე იყო: ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, თბილისელები კი ათანაბრებდნენ.