რუსთავი ცხრილის თავში; სპაერი-ტორპედოს ფრე

News

რუსთავი ცხრილის თავში; სპაერი-ტორპედოს ფრე

დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტური, ანუ მეორე წრე. პარასკევს ორი მატჩი გაიმართა: რუსთავმა დილას მოუგო, ხოლო სპაერი-ტორპედო ფრედ დასრულდა. 

რუსთავი 1:0 დილა 

გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა რუსთავმა კვლავ გაიმარჯვა და ამ მომენტისთვის პირველ ადგილზეა. რუსთაველებმა 1:0 აჯობეს გორის დილას, გოლი კი კვლავ მცველმა ირაკლი იაკობიძემ გაიტანა: ამ სეზონში მესამე და სამივეჯერ გადამწყვეტი ხასიათის. თან, ორ შემთვევაში იაკობიძემ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გამოიჩინა თავი.

ამჯერადაც, მატჩი უგოლოდ მთავრდებოდა. კევინ სეიხასმა ჩააწოდა და იაკობიძემ თავური შეაგება - 1:0. რუსთავმა ბოლო 5 მატჩში 11 ქულა აიღო. დილასაც კარგი სერია ჰქონდა ამ ტურამდე, მაგრამ დამარცხდა და ახლა მესამე ადგილზეა. 

სპაერი 1:1 ტორპედო 

როგორც პირველ ტურში, სპაერმა ამჯერადაც არ წააგო ქუთაისის ტორპედოსთან. პირველ ტურში სულაც მოუგო და ამჯერადაც წინ იყო ანგარიშში, მაგრამ საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა - 1:1.

ლაშა კოხრეიძემ სწრაფი გოლი გაიტანა, მან თამაზ ცეცხლაძის პასი გამოიყენა და ტექნიკურად შეასრულა - 1:0. კოხრეიძემ უკვე ნახსენებ პირველ შეხვედრაშიც გაიტანა ტორპედოს. 

ქუთაისელები ბევრს უტევდნენ. არც სპაერი იყო დაცვაში. ზოგადად, ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა მომენტები და გოლი 75-ე წუთზე გავიდა. გიორგი არაბიძემ მშვენივრად ითამაშა, მეტოქქები მოატყუა, პასი გაუკეთა ალეკო ბასილაძეს და ახალგაზრდა შემტევმაც ზუსტად დაარტყა - 1:1. 

ტორპედო მეოთხე ადგილზეა, ხოლო სპაერი მეხუთეზე. სხვაობა 3 ქულაა. ასეთი დაძაბული ჩემპიონატია.