ჩემპიონი წინ მიიწევს; დილამაც მოიგო; მეშახტე-რუსთავი უგოლოდ დასრულდა

News

ჩემპიონი წინ მიიწევს; დილამაც მოიგო; მეშახტე-რუსთავი უგოლოდ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა. იბერია 1999-მა სპაერს მოუგო და ლიდერობა გაიმყარა. დილამ დინამო ბათუმს აჯობა და მეორეზე გადავიდა, ხოლო მეშახტე-რუსთავის დაპირისპირებაში გოლი არ გასულა.

დილა 1:0 დინამო ბთ 

გორელებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს, ხოლო დინამო ბათუმს ცუდი სერია აქვს და ჯერჯერობით, ბოლო ადგილზეა, თუმცა ქულების მხრივ სიმჭიდროვეა.

ამ მატჩს რაც შეეხება, ერთადერთი გოლი ვნახეთ. ლაშა მენთეშაშვილმა მე-17 წუთზე პენალტი გამოიყენა. პენალტი კი არბიტრმა ალეკო აფციაურმა VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა. გიორგი ჯალაღონიას ჩაწოდების მერე ნიკა კალანდარიშვილმა კუთხურზე გადააგდო ბურთი... მაგრამ იმ მომენტში ხელზეც შეეხო.

ასეა თუ ისე, დილა დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო: კალანდარიშვილმა მოჰამედ კანტე წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.

ზღვისპირელებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს. გათანაბრება შეეძლოთ, თუნდაც ბოლო წუთზე, როცა გურამ ჯაფარიძემ ოდნავ ააცილა კარს.

სპაერი 0:2 იბერია 1999

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ გაიმარჯვა და 4-ქულიანი ჰანდიაკპით ლიდერობს. იბერიელებმა სპაერს აჯობეს. ორივე გოლი საწყის 17 წუთში გაიტანეს.

პირველი გოლი დამუშავებული კუთხურის შედეგი იყო: გიორგი ჯინჯოლავამ ახლო ძელთან გააკეთა პასი, პაატა ღუდუშაურმა დასარტყმელად გაუმზადა გიორგი კუციას და მანაც კარში გაგზავნა ბურთი. კარგი კომბინაცია იყო. ესეც კუციას პირველი გოლი იბერია 1999-ის შემადგენლობაში.

მალევე, იბერიელთა ფორვარდმა ამირან ძაგანიამ ბაქარ ქარდავას პასი მიიღო და გამოზომილი დარტყმით დაბალ კუთხეში გაიტანა. ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში და 0:2.

მეშახტე 0:0 რუსთავი 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან დაწინაურებული გუნდების დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

ტყიბულის მეშახტემ 0:0 ითამაშა რუსთავთან. ეს ტყიბულელთა მეექვსე ფრეა, აქედან ოთხ შემთხვევაში 0:0 დაფიქსირდა. არადა, თითქოს მომენტები საკმაოდ შეიქმნა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში, ან ბოლო პასის მომენტებში იყო ბევრი ხარვეზი.

რუსთავი 12 ქულით მესამე ადგილზეა, რაც კარგი შედეგია. მეშახტეს 9 ქულა აქვს და ცხრილის შუაშია.

ერთიც: მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩატარდა, აქედან 15 ფრედ დასრულდა, 17 შეხვედრაში კი მინიმალური სხვაობა ვნახეთ. მხოლოდ 8 თამაშში იყო ორი, ან მეტბურთიანი სხვაობა.