ტყიბულის მეშახტე და თბილისის სპაერი არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მათ პლეიოფებში დაამარცხეს თავიანთი მეტოქეები.
თელავი 1:1 მეშახტე (პენალტებში 2:4)
პირველი მატჩი 1:1 დასრულდა და აი, საპასუხო შეხვედრაშიც ეს ანგარიში დაფიქსირდა. დამატებით დროში გოლი არ გავიდა, პენალტები კი ლადო ბურდულის გაწვრთნილმა მეშახტემ უკეთ დაარტყა.
დაძაბული თამაში იყო დავით პეტრიაშვილის სტადიონზე, ტყიბულიდან და თელავიდანაც საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჩამოვიდა.
31-ე წუთზე თელავის ესპანელმა ფორვარდმა ინიგო მარტინმა პენალტი გაიტანა. პენალტი კი ფირუზ გაბიტაშვილზე წესების დარღვევისთვის დაინიშნა.
რამდენიმე წუთში თელავის კარშიც დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, მაგრამ არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა.
მეშახტემ მეორე ტაიმში აშკარად მოუმატა თამაშს და ანგარიშიც გაათანაბრა: გიორგი ბურდულის გარღვევასა და პასს მოჰყვა განელი ემანუელ ფობის ძლიერი დარტყმა და 1:1. ფობი მხოლოდ შვიდი წუთის შესული იყო მინდორზე.
85-ე წუთზე თელავს ჰქონდა იდეალური მომენტი. ახლო მანძილიდან ტატო ჟივიძის დარტყმული ბურთი მცველმა გამოიტანა კარიდან, დამატებაზე კი ნიკოლოზ ყიფიანმა შვიდი-რვა მეტრიდან ააცილა.
დამატებით დროში, 104-ე წუთზე თელავს ანდრია დევდარიანი გაუძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო. საბოლოოდ, გოლი აღარ გავიდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომლის გმირიც ტყიბულელთა მეკარე ლევან ტყეშელაშვილი გახდა. მან მიხეილ ბაშელეიშვილისა და ელდარ პარკინაშვილის დარტყმები მოიგერია.
მეშახტეზე დავწერეთ, რომ პირველად გადავიდა მთავარ ლიგაში. რაც შეეება თელავს, გუნდმა ზედიზედ ექვსი სეზონი გაატარა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და გავარდა.
სპაერს პირველი მატჩი 2:0 ჰონდა მოგებული და მიუხედავად მეორე თამაშში მარცხისა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადასვლის უფლება მოიპოვა.
სპაერის სტადიონზეც საკმაოდ იყო მაყურებელი. პირველ ტაიმში თბილისელები ზაარია ბასილაშვილმა დააწინაურა ერთი შეხებით დარტყმით... ბასილაშვილმა წინა შევედრაშიც გაიტანა.
მეორე ტაიმში დაიძაბა ვითარება. გარეჯის ბომბარდირმა ლევან პაპავამ ორი პენალტი გაიტანა და 63-ე წუთზე უკვე 1:2 იყო. საგარეჯოელებს წინ საკმარისი დრო ჰონდათ, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს. ისიც სათმელია, რომ გარეჯი 59-ე წუთიდან ათი კაცით თამაშობდა: ირაკლი კამლაძემ ორი გაფრთხილება მიიღო.
მოკლედ, სპაერი გადავიდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. გუნდი, რომელმაც შარშან საართველოს თსი მოიგო.
შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური პირდაპირ მოიპოვა რუსთავმა, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა.
გაისად ეს 10 გუნდი ითამაშებს უძლიერესთა ლიგაში:
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
რუსთავი
სპაერი
მეშახტე