განახლდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და 33-ე ტურის ოთხი მატჩი ჩატარდა. ლიდერმა იბერია 1999-მა მოიგო, ასევე გაიმარჯვა დილამაც. საჩემპიონო რბოლა დაძაბულია. გაგრამ დინამო თბილისთან მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო. და ექვსგოლიანი კახური დერბიც ვნახეთ: გარეჯი-თელავი 3:3.
ერთადერთი გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა პირველი ტაიმის შუაში. კუთურის შემდეგ მცირე არეულობა იყო და გოშთელიანმა თავურით გადაგზავნა ბურთი კარში.
იბერია 1999 ლიდერია და თავის თავზეა დამოკიდებული: თუ დარჩენილ სამივე მატჩს მოიგებს, ჩემპიონი გახდება. იბერიელები ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან კონკურენტ დილას. აი, კოლხეთი 1913 კი ბოლო საფეხურზეა.
გორის დილა აგებდა, მაგრამ გაიმარჯვა.
ბათუმელები პირველ ტაიმში ლევან ხოზრევანიძემ დააწინაურა. ის შორეულ ძელთან დაუხვდა რევაზ ჩიტეიშვილის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს. 19 წლის ხოზრევანიძემ ამ სეზონში მეოთხე გოლი მიითვალა.
63-ე წუთზე დილამ ასევე კუთხურს მოაყოლა გოლი. ჟან-მარკ ტიბუემ ჩააწოდა და ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ თავურით გაიტანა.
მოგვიანებით ისევ ტიბუეს ჩაწოდება და ისევ უატარას თავური ვნახეთ. ეს გამოდგა მომგებიანი გოლი. უატარა 18 წლისაა, მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6 გოლი მოუგროვდა.
დილა მეორე ადგილზეა, აი დინამო ბათუმი კი მეშვიდეზე. ბათუმელებს 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, აქედან ბოლო 5 მატჩი წააგეს.
გაგრამ დინამო თბილისს მოუგო, მეხუთე ადგილზეა და ექვსი ქულით გაუსწრო მერვეადგილოსან გარეჯს. ანუ, გაგრას ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებია ლიგაში დარჩენა, მაგრამ დიდი ნაბიჯი გადადგა.
გაგრა საბა ზოიძემ დააინაურა, რომელმაც კონტრშეტევისას დავით მუჯირის დაბალი პასი გამოიყენა.
მალევე, დინამოელმა თორნიკე მორჩილაძემ თავისივე მოპოვებული პენალტიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. ეს მორჩილაძის მე-12 გოლია მიმდინარე სეზონში.
თუმცა მე-20 წუთზე ისევ გაგრა გავიდა წინ, კერძოდ, მათე ცინცაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით ცხრიანში გაიტანა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა გაგრამ ანგარიშში სხვაობა გაზარდა: გიორგი ხარებაშვილმა მშვენივრად ითამაშა მარცხენა ფლანგზე, ორ მეტოქეს გასცდა და პასი გაუკეთა დავით მუჯირს, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 1:3.
76-ე წუთზე გიორგი ლორიას კარში მეოთხე გოლი გავიდა. დავით გოცირიძის პირველი დარტყმა მოიგერია ლორიამ, მაგრამ დამატებაზე ისევ გოცირიძემ გაიტანა. საინტერესოა, რომ გაგრელთაგან სამმა ფეხბურთელმა (ცინცაძემ, მუჯირმა, გოცირიძემ) თავისი გოლი არ აღნიშნეს - ადრე დინამოში თამაშობდნენ და იმიტომ.
დინამოელებმა ბოლოს სხვაობა შეამცირეს. აბდულაი იორომ შორიდან ტექნიკური დარტყმა შეასრულა - 2:4.
კახური დერბი ფრედ დასრულდა. ექვსი გოლი ვნახეთ.
უკვე მე-2 წუთზე თელაველთა შეტევას მოჰყვა ბაჩანა არაბულის პასი და ნიკოლოზ ბაშელეიშვილის კარგი დარტყმა. 0:1.
ტაიმის ბოლო ათ წუთში სამი გოლი გავიდა. გარეჯის კაპიტანმა ლევან პაპავამ კარგად შეასრულა და გოლის ალღო რომ აქვს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. პაპავას მე-11 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მალევე, გარეჯის ნახევარმცველმა თამაზ ცეცხლაძემ დაფარული პასით გიორგი გოგოლაშვილი მოძებნა და მანაც წინ გაიყვანა თავისიანები.
ზედ შესვენების წინ კი მეორე ბაშელეიშვილმაც გაიტანა. ამჯერად, მიხეილმა. მან ცაციით ზუსტად დაარტყა და 2:2.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა თელავი წინ გავიდა. ბაჩანა არაბულმა ზურგით მიიღო ბურთი და მომენტალურად გაისროლა კარში. სხვათა შორის, არაბულმა რვაწლიანი შესვენების მერე პირველად გაიტანა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში: ბოლოს დინამო თბილისის მაისურით მოახერხა, მერე კი უცხოურ გუნდებში გახლდათ.
84-ე წუთზე კი გარეჯმა გაათანაბრა: თამაზ ცეცხლაძემ ახლო მანძილიდან ერთ შეხებაში... 3:3. დააკვირდით, დღის ოთხი მატჩიდან სამი სტუმრებმა მოიგეს. ესეც სტუმრების სასარგებლოდ მთავრდებოდა და ცეცხლაძის გოლმა შეცვალა სიტუაცია.
გარეჯი მერვე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება მეშვიდეზე მყოფ დინამო ბათუმს. თუ ამ ორმა გუნდმა თანაბარი რაოდენობის ქულები მოაგროვა, ცხრილში წინ გარეჯი გავა: ურთიერთშეხვედრებში წინაა. ერთი მოგება, ერთი წაგება, ორი ფრე, მაგრამ ბურთების შეფარდება 5:3 საგარეჯოელთა სასარგებლოდ.