კონფერენციის ლიგა. ქართული გუნდების კარგი დღე

News

კონფერენციის ლიგა. ქართული გუნდების კარგი დღე

გორის დილაც და ქუთაისის ტორპედოც კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. კარგი დღე იყო ქართული კლუბებისთვის. 

დილას ლუქსემბურგის რასინგთან სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული და შინ, თენგიზ ბურჯანაძის სრტადიონზეც გაიმარჯვა. გოლი ბოლო წუთებზე გაიტანა შეცვლაზე შესულმა იბრაჰიმა დრამემ. სენეგალელი მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და მოულოდნელად კარში ძლიერად დაარტყა...

დილა - რასინგი 1:0

გოლი: დრამე (90+1)

გაძევება: რუფიე (34 -რასინგი)

დილა: კერესელიძე, ჩაბრაძე, არაუჟო, ეტოუ, რუხაძე, კონტე, ანდრონიკაშვილი, ედუძი (ბუღრიძე 68), ფარულავა (ტიბუე 88), ბასინგა, შეყილაძე (დრამე 86)

ქუთაისის ტორპედოს შედარებით რთული მისია ჰქონდა შესასრულებელი. შინ 4:3 ჰქონდა მოგებული ყაზახურ ორდაბასისთან. აი, სტუმრადაც საიმედოდ ითამაშეს ქუთაისელებმა და საბოლოოდ, 1:1. პირველ ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილმა შორიდან დარტყმით მშვენიერი გოლი გაიტანა და ტორპედო დააწინაურა. მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს ყაზახებმა, მაგრამ ქართული გუნდი გავიდა მეორე ეტაპზე. ისიც აღსანიშნავია, რომ ტორპედომ თითქმის მთელი მეორე ტაიმი ათი კაცით ჩაატარა, რადგან სოლომონ კვერკველია გააძევეს მეორე გაფრთხილების მერე...

ორდაბასი - ტორპედო 1:1

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (13), 1:1 ჟუმაბეკი (90+5)

გაძევება: კვერკველია (49)

ტორპედო: გოშაძე, ვარლეი, კვირკველია, შიმიჩი, ნადარაია, ითრაქი, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (ჟორჟინიო 83), პირესი (შერიფი 90+2), ღუდუშაური (მანე 54), იონსენი (ანდრიჩი 90+2)

შესაბამისად, 4 ქართული გუნდი ითამაშებს კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. შეგახსენებთ, იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგიდან გადმოინაცვლა, ხოლო საქართველოს თასის მფლობელი სპაერი პირველ ეტაპზე თავისუფალი იყო და პირდაპირ მეორედან დაიწყებს. 

აი, მეტოქეებიც. და აღვნიშნოთ, რომ ლევადია-იბერია 1999-ის მატჩები 23  და 30 ივლისს გაიმართება, დანარჩენი წყვილების თამაშები კი 24 და 31 ივლისს. 

ლევადია (ესტონეთი) - იბერია 1999

აუსტრია (ავსტრია) - სპაერი

ომონია (კვიპროსი) - ტორპედო

რიგა (ლატვია) - დილა