20 000-ზე მეტი მაყურებელი! დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა, სამი მატჩი მასპინძლებმა მოიგეს

News

20 000-ზე მეტი მაყურებელი! დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა, სამი მატჩი მასპინძლებმა მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხი მატჩი გაიმართა. გამოსარჩევი იყო დინამოების დაპირისპირება: თბილისელებმა ბათუმელებს უმასპინძლეს და მიუხედავად ნულოვანი ფრისა, თამაში საკმაოდ კარგი გამოდგა. მარტო ის რად ღირს, რომ დინამო არენაზე 20 000-ზე მეტი გულშემატკივარი მივიდა...

დანარჩენ სამ შეხვედრაში კი მასპინძლებმა მოიგეს.

დინამო თბილისი 0:0 დინამო ბათუმი 

ამ შეხვედრაში გოლი არ გასულა, მაგრამ ზეიმი შედგა. კონკრეტულად ეროვნულ ჩემპიონატს თუ ავიღებთ, ამდენი მაყურებელი ბოლო ათწლეულში არცერთ მატჩს არ დასწრებია. დინამო არენაზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო.

თბილისელებმა პირველ ტაიმში ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, თავის მხრივ ბათუმელებსაც ჰქონდათ შანსები: მაგალითად, ზურიკო დავითაშვილმაც ხარიხას გაარტყა... საბოლოოდ 0:0. დინამო ბათუმი ლიდერია, ორი ქულით უსწრებს დილას და ხუთი ქულით - დინამო თბილისს.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს - 3:0.

დილა 2:0 ტორპედო 

დილამ 2:0 სძლია ტორპედოს, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მესამე მარცხია. ვაგნერ გონსალვესმა სწრაფი გოლით დააწინაურა გორელები, ბოლოს კი, მსაჯის დამატებულ წუთებზე, თამაზ მაქაცარიამ სხვაობა გაზარდა.

შინ 6 მატჩი, 6 მოგება - ასეთია დილას მონაგარი. გუნდი გორში ქულას არ კარგავს.  

თელავი 2:0 სიონი 

თელავმა ანტონ თოლორდავას დუბლით მოუგო სიონს - 2:0. სხვათა შორის, თოლორდავა პირველი მცველია ამ სეზონში, რომელმაც ერთ მატჩში ორი გოლი გაიტანა. აქედან ერთი პენალტით მიითვალა.

თელავმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. რაც შეეხება სიონს, გუნდმა 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

საბურთალო 3:0 გაგრა 

საბურთალომ გაგრას 3:0 მოუგო. მასპინძლებმა მეორე ტაიმში გატეხეს მეტოქე.

ორი გოლი გაიტანა ირაკლი სიხარულიძემ და მიმდინარე სეზონში 8 გოლი დაუგროვდა. სიხარულიძე ბომბარდირებში მეორე ადგილზეა და ერთი ბურთით ჩამორჩება ბათუმის დინამოელ ჯოვინო ფლამარიონს. კიდევ ერთი გოლი კი გაგრელებს გიორგი გულიაშვილმა გაუტანა. ეს გულიაშვილის პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

საბურთალო მეოთხე ადგილზეა, გაგრა კი - მეშვიდეზე.

ლოკომოტივი 0:2 სამგურალი 

თბილისის ლოკომოტივმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და 0:2 წააგო. ლოკოს 11 მატჩიდან 11 წაგება აქვს და ჯერაც პირველი ქულის მოლოდინშია.

სამგურალი კი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია, 4 ტურია არ დამარცხებულა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა წყალტუბოელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა თავურით, შემდეგ კი ირაკლი რუხაძემ პენალტით.

კალანდარიშვილისთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. რუხაძეს კი 4 გოლი მოუგროვდა და აქედან 3 ლოკომოტივის კარში. წყალტუბოელები მეხუთე ადგილზე არიან.