დინამომ შუქურას დიდი ანგარიშით მოუგო, სამტრედიამ კი ტორპედოს

News

დინამომ შუქურას დიდი ანგარიშით მოუგო, სამტრედიამ კი ტორპედოს

  • შუქურა 0:4 დინამო თბილისი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისმა გასვლით შეხვედრაში ქობულეთის შუქურა დიდი ანგარიშით დაამარცხა. ორი მოუგებელი მატჩის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონებმა დღევანდელ დაპირისპირებაში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. 

მატჩის 27-ე წუთზე კახაბერ ცხადაძის გუნდი მარუშიჩმა დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს კი დინამოელთა უპირატესობა ოსეიმ ორამდე გაზარდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა შუქურას კარი კიდევ ორჯერ აიღეს. მარუშიჩმა დუბლი გაიფორმა. მეოთხე გატანილი ბურთი კი ლევან ხარაბაძის ანგარიშზეა.

  • სამტრედია 4:1 ტორპედო

უხვგოლიანი გამოდგა იმერული დერბი, რომელიც ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე სამტრედიასა და ტორპედოს შორის გაიმართა. კახა ჩხეტიანის გუნდისთვის აღნიშნულ დაპირისპირებაში ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-15 წუთზე მეჰდი ბუკასის მიერ გატანილი გოლით ტორპედო დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ თამაშის სცენარი მასპინძლეთა სასარგებლოდ წარიმართა.

22-ე წუთზე წონასწორობა ნიკოლა პრელჩეცმა აღადგინა, რასაც 35-ე წუთზე მისივე დუბლი მოჰყვა და სამტრედია შესვენებაზე სასურველი შედეგით გავიდა. 

მეორე ტაიმიც გია ცეცაძის გუნდის უპირატესობით გაგრძელდა. 68-ე წუთზე მათე კვირკვიამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. 76-ე წუთზე პრელჩეცმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ჰეთრიკი გაიფორმა და სამტრედიამ აქტივში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

  • დილა 0:0 საბურთალო

უგოლოოდ დასრულდა გორის დილასა და საბურთალოს შორის გამართული დაპირისპირება. შესაბამისად მეტოქეებმა ქულები გაიყვეს და სატურნირო ცხრილში კვლავ იყოფენ მე-3და მე-4პოზიციებს.

  • თელავი 0:1 ბათუმის დინამო

თელავმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო.

გიორგი მიქაძის გუნდი გათამაშების ლიდერთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ბათუმელებმა კი შეხვედრის მე-16 წუთზე ჯამბულ ჯიღაურის მიერ გატანილი გოლის წყალობით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს და და კვლავ ინარჩუნებენ დინამო თბილისთან 5-ქულიან უპირატესობას. 

  • ლოკომოტივი 2:2 სამგურალი

ყველაზე დრამატული აღმოჩნდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო შეხვედრა, რომელიც ლოკომოტივსა და სამგურალს შორის გაიმართა. მიუხედავად ორივე გუნდის აქტიურობისა, მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 

მეორე ტაიმის 52-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გატანილი გოლით თავი პაპუნა ფონიავამ გამოიჩინა, რასაც 6 წუთში გიორგი თევზაძის ეფექტური საჯარიმო დარტყმა და გატანილი გოლი მოჰყვა. გარდა გოლისა ამ მომენტს ლოკომოტივის ფეხბურთელის გაძევება ახლდა თან, რაც წყალტუბოლოებს დიდ უპირატესობას აძლევდა. ამ მოცემულობით თითქოს სტუმართა სამ ქულას საფრთხე არ ემუქრებოდა მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

70-ე წუთზე ჯერ მამია გავაშელიშვილმა შეამცირა სხვაობა ანგარიშში, ხოლო 79-ე წუთზე კი იმრანმა ულამაზესი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. დარჩენილ დროში როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან შეიქმნა რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. 

ფოტო: დინამო თბილისი