კალენდარი

შაბათი, 17 ოქტომბერი

კვირა, 18 ოქტომბერი

ორშაბათი, 19 ოქტომბერი

პარასკევი, 23 ოქტომბერი

შაბათი, 24 ოქტომბერი

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

ახალი ამბები

დინამო თბილისმა, გაგრამ და ტყიბულის მეშახტემ მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დასრულდა. ორშაბათს სამი მატჩი გაიმართა. სამ-სამი ქულა აიღეს დინამო თბილისმა, გაგრამ და ასევე ტყიბულის მეშახტემაც, რომელსაც 19-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.
 

გაგრა 2:0 იბერია 1999 

გაგრა სწრაფი გოლით დაწინაურდა. გურამ გოშთელიანმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ანგარიში გახსნა. გოშთელიანმა ეს გოლი არ აღნიშნა: ის ხომ იბერია 1999-ში დიდხანს თამაშობდა და საერთოდ ამ კლუბის აღზრდილია.

საკვანძო მომენტი ვნახეთ მე-60 წუთზე, როცა იბერიელთა ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმა შორიდან დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ VAR-ზე გადაამოწმა, დადიანის გოლი გააუქმა და გაგრას სასარგებლოდ დანიშნა ჯარიმა: მანამდე ვაჰიდ სელიმოვიჩისგან წესების დარღვევა დააფიქსირა.

მერე კი გაგრამ მეორე გოლიც გაიტანა. ვიქტორ ბლიზნიჩენკომ კონტრშეტევა წამოიწყო, კარგი პასი გაუკეთა ალექსანდრე ფეიქრიშვილს, რომელიც წააქციეს. პენალტი დაინიშნა და დავით მუჯირმაც ზუსტად შეასრულა - 2:0.

გაგრა მერვე ადგილზე დარჩა. იბერია 1999 კი ბოლო ოთხ შეხვედრაში სამჯერ დამარცხდა და მეოთხე ადგილზეა, თუმცა ორი თამაში მარაგში აქვს.

ტორპედო 0:2 მეშახტე 

ტყიბულის მეშახტემ 19-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. მეშახტემ ქუთაისში აჯობა ტორპედოს...

90 წუთის განმავლობაში გოლი არ გასულა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მეშახტემ ორჯერ გაიტანა. ჯერ ექს-ტორპედოელმა ცოტნე ფაცაციამ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ანგარიში 0:1 გახდა.

მერე კი ფაცაციამ კონტრშეტევაზე მათე კვირკვიას გააყოლა ბურთი, კვირკვიამ კი პასი გააკეთა და ცარიელ კარში გაატანინა გიორგი გოგოლაშვილს.

დინამო თბ 2:1 დილა 

დინამო თბილისმა სამი ქულა აიღო და მეორე ადგილზე გადავიდა. ახლა დინამოელები 5 ქულით ჩამორჩებიან რუსთავს და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.

დინამოელები ნიკა ნინუას ლამაზი გოლით დაწინაურდნენ. ნინუამ საჯარიმოს გარედან ეფექტურად დაარტყა და 1:0.

მეორე ტაიმში სხვაობა ორბურთიანი გახდა: უელტონ კარვალიომ მარცხნიდან დაბალი პასი გააკეთა და მაქსიმ ტეიშეირამ დასწრებაზე გადაგზავნა ბურთი კარში.

დილამ 69-ე წუთზე დაძაბა მატჩი, კერძოდ, ბლანკსონ ანოფმა შორიდან ცახვეული დარტყმით შეამცირა სხვაობა.

დინამოელებზე დავწერეთ, დილა კი მეშვიდე ადგილზეა.