კალენდარი

ორშაბათი, 27 აპრილი

პარასკევი, 1 მაისი

შაბათი, 2 მაისი

სამშაბათი, 5 მაისი

ოთხშაბათი, 6 მაისი

ახალი ამბები

ბოლო წუთების ეფექტი: რუსთავმა და დილამ მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეცხრე ტურის ორი მატჩი გაიმართა. რუსთავმა მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-ს მოუგო, ხოლო დილამ სპაერი დაამარცხა.

რუსთავი 2:1 იბერია 1999 

ეროვნული ლიგა 2-დან გადმოსული რუსთავი შესანიშნავად გამოიყურება.  გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს, თბილისის იბერია 1999-ს 2:1 აჯობა და მესამე პოზიცია გაიმყარა.

მე-15 წუთზე რუსთაველები ავთანდილ გუჯაბიძემ დააწინაურა. გუჯაბიძემ წამოიწყო შეტევა, გააყოლა ბურთი სოლომონ კესის, ისევ მისგან მიიღო პასი და ერთი შეხებით ცხრიანში გაგზავნა ბურთი.

მალევე, იბერიელებმა გათანაბრეს, კერძოდ, გიორგი კუციას ჩაწოდებულ ბურთს ამირან ძაგანიას ეფექტური თავური მოჰყვა. ძაგანიამ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.

59-ე წუთზე ჩემპიონი ათი კაცით დარჩა, რადგან ვაჰიდ სელიჰოვიჩმა მეორე გაფრთხილება მიიღო. იმ მომენტში ლუქსემბურგელმა მცველმა სოლომონ კესის უხეშად ჰკრა ხელი...

რუსთაველებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს. მსაჯის მიერ დამატებული პირველი წუთი, ჯექსონ კანიოს ჩაწოდებული კუთხური და მცველ ირაკლი იაკობიძის თავური - 2:1.

სპაერი 0:1 დილა 

გორელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და სამივეჯერ 1:0. ამჯერად თბილისის სპაერს აჯობეს.

ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გვინეელმა მოჰამედ კანტემ გაიტანა ლაშა მენთეშაშვილის პასის მერე. კანტემ დასწრებაზე მშვენივრად ითამაშა.

მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. დილა მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს.

სპაერი კი საწყის ტურებში აშკარად უკეთ თამაშობდა.