კალენდარი

პარასკევი, 17 აპრილი

შაბათი, 18 აპრილი

სამშაბათი, 21 აპრილი

ოთხშაბათი, 22 აპრილი

ახალი ამბები

რუსთავმა გორში მოიგო; ორი მატჩი 2:2 დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სამი მატჩი გაიმართა: პირველი ტურის გადადებული შეხვედრები. ასე რომ, ახლა ყველა გუნდს თანაბარი რაოდენობის თამაშები აქვს.

რუსთავმა სტუმრად მოუგო გორის დილას; იბერია 1999-მეშახტე, ისევე როგორც დინამოების დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშებით დასრულდა - 2:2.

დინამო თბ 2:2 დინამო ბთ 

დინამოების დაპირისპირებაში ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საწყის ცხრა წუთში ორი გოლი ვნახეთ. ჯერ რევაზ ჩიტეიშვილმა შორეული დარტყმით დააწინაურა სტუმრები. მაგარი გოლი იყო! მერე კი თბილისელთა თავდამსხმელმა ჰალიდ დოლტმურზიევმა დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

37-ე წუთზე ბათუმელები ისევ წინ გავიდნენ. თორნიკე კირკიტაძემ გიორგი ლორიას გადაცემის მერე ჩაჭრა ბურთი და შორიდან ცარიელ კარში გაიტანა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება. ისევ დამატებაზე, ამჯერად რუი მონტეირუმ იმარჯვა - 2:2.

ორივე გუნდს მოგება-ფრე-წაგების თანაბარი მაჩვენებელი აქვს და შესაბამისად, ცხრილშიც გვერდიგვერდ არიან.

დილა 1:2 რუსთავი 

რუსთაველებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს. ამჯერად გორში დილას აჯობეს.

პირველ ტაიმში რუსთაველთა კონტრშეტევა დასრულდა გოლით. განელმა პრინს ოსეიმ გააყოლა ბურთი სოლომონ კესის, რომელმაც ყველაფერი კარგად შეასრულა - 0:1.

58-ე წუთზე ოსეი წააქციეს, დილას კარში პენალტი დაინიშნა და ვაჟა ფაცაციამ ზუსტად დაარტყა.

84-ე წუთზე კი დილას კანადელმა ლეგიონერმა ტრეი ფულერმა ცაციით კარგად დაარტყა და სხვაობა შეამცირა - 1:2. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

იბერია 1999 2:2 მეშახტე 

მოქმედი ჩემპიონი ორი ბურთის სხვაობით იგებდა, მაგრამ მეშახტემ ბოლომდე იბრძოლა და მატჩიც 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა იბერიელთა კუთხურის მერე მეშახტეს მცველ ლევან ქურდაძეს ბურთი ხელზე მოხვდა. არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი, პენალტი დანიშნა და გიორგი ჯინჯოლავამ გახსნა ანგარიში.

55-ე წუთზე თბილისელთა კონტრშეტევას მოჰყვა ვახო ბედოშვილის პასი და ამირან ძაგანიას გამოზომილი დარტყმა - 2:0.

ათ წუთში ტყიბულელებმა შეამცირეს სხვაობა. ბრაზილიელმა მცველმა ერიკ პიმენტელმა საჯარიმოში არეულობისას გაუკეთა პასი ირაკლი სიხარულიძეს და მანაც ახლოდან გაიტანა თავისი 131-ე გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ცოტნე ფაცაციამ ჩააწოდა და ერიკ პიმენტელმა თავურით ეფექტური გოლი გაიტანა - 2:2.

იბერია 1999 ლიდერია, მას კი ერთი ქულით ჩამორჩებიან ეროვნული ლიგა 2-დან გადმოსული კლუბები: სპაერი და რუსთავი.