კალენდარი

შაბათი, 11 აპრილი

პარასკევი, 17 აპრილი

შაბათი, 18 აპრილი

სამშაბათი, 21 აპრილი

ახალი ამბები

თანაბარი ლიგა... მეექვსე ტურის ამბები

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეექვსე ტური გაიმართა. ხუთი მატჩიდან სამი ფრედ დასრულდა. რუსთაველებმა ბათუმელებს აჯობეს, ეს ზღვისპირელებისთვის სეზონში პირველი წაგებაა; მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა კი სამგურალს მოუგო...

დილა 1:1 გაგრა 

დილამ გორში ფრედ ითამაშა გაგრასთან. მასპინძლები ოთარ ფარულავას ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. კარგი შეტევა იყო, თედო კიკაბიძის გარღვევა, მერე ლაშა მენთეშაშვილის პასიც და ფარულავას დასრულება - 1:0.

სწრაფი გოლი ვნახეთ. 22-ე წუთზე კი გაგრამ გაათანაბრა: ვლადიმირ არსიჩმა თავურით გაათანაბრა. არსიჩმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად გაიტანა.

დილა ცხრილის შუაში, მეექვსე ადგილზეა. გაგრა კი აუტსაიდერია.  

რუსთავი 3:0 დინამო ბთ 

რუსთაველებმა მოგების გემო გაიხსენეს და თან დამაჯერებელი ანგარიშით აჯობეს ბათუმელებს. თავის მხრივ, ზღვისპირელებმა წლეულს პირველად წააგეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მერე კი რუსთაველებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს. არგენტინელი კევინ სეიხახის ჩაწოდებული ორი კუთხური და ორი გოლი: ჯერ ირაკლი იაკობიძემ გაიტანა და მერე ბრაზილიელმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ. ბრაზილიელს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში უკვე 4 გოლი მოუგროვდა.

ბოლო, მესამე გოლი კი ავთანდილ გუჯაბიძემ გაიტანა. გუჯაბიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილი დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში.

იბერია 1999 2:1 სამგურალი

მოქმედმა ჩემპიონმა მინიმალური სხვაობით მოუგო სამგურალს. 

იბერიელები პირველი ტაიმის მერე 2:0-ს იგებდნენ. ჯერ გურამ გოშთელიანი კარგად გაერკვა სიტუაციაში, საჯარიმოში მცველსა და მეკარეს გასცდა, მერე კი ცარიელ კარში გაიტანა.

მალევე, ერთ წუთში შეეძლო სამგურალს გათანაბრება, მაგრამ პირისპირ გასულ კლაუდიო სებოლინიას იბერიელთა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა აუღო.

იბერიელთა მეორე გოლს რაც შეეხება: ლუკას კაფემ ვახო ბედოშვილის დაფარული პასი გამოიყენა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ორამდე გაზარდა სხვაობა. 

მე-80 წუთზე კი სამგურალიდან ლაშა კვარაცხელიამ დაამთავრა შეტევა. კვარაცხელიამ ლევან პაპავას გამჭოლი პასის მერე გაიტანა - 2:1.

საინტერესოა, რომ კაფემაც და კვარაცხელიამაც თავის გუნდებში სადებიუტო გოლი მიითვალეს. 

მეშახტე 0:0 სპაერი

ტყიბულის მეშახტემ თბილისის სპაერთან 0:0 ითამაშა. ეს მეშახტეს მესამე უგოლო ფრეა ამ სეზონში.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ჩაკეტილი თამაში არ ყოფილა, მაგალითად, მეკარეებმაც რთული ბურთები მოიგერიეს.

ისე, ორივე გუნდი შარშან ლიგა 2-ში იყო, ახლა კი სპაერი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერია. მეშახტეც, დებიუტანტის კვალობაზე, კარგად გამოიყურება.  

ტორპედო 0:0 დინამო თბ 

ქუთაისში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. სხვათა შორის, ეს ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს ურთიერთშეხვედრებში ზედიზედ მესამე ფრეა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გავიდა, სანახაობრივად კარგი თამაში იყო. მეშახტესი არ იყოს, დინამოსთვისაც ეს მესამე ფრეა, არადა 5 მატჩი აქვთ ჩატარებული. დინამოს პირველი ტურის მერე არ გაუმარჯვია.

მოკლედ, თამაშები ისე სრულდება, რომ ძალიან თანაბარი სეზონი გველის.