კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა. გორის დილა უკვე ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გორელებმა ბოლო 11 შეხვედრიდან 10 გამარჯვებით დაასრულეს. დინამო თბილისმა დერბიში მოუგო იბერია 1999-ს, ხოლო თელავმა ბათუმში გაიმარჯვა...
ლიდერმა დილამ კვლავ მოიგო და უკვე 4 ქულით გაუსწრო იბერია 1999-ს, აი წყალტუბოს სამგურალს კი ზედიზედ 4 მარცხი მოუგროვდა...
დილა წყალტუბოში პირველივე წუთზე დაწინაურდა. მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ ზუსტად დაამატა...
მე-15 წუთზე გიორგი ფანცულაიამ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და 1:1.
მეორე ტაიმის შუაში სამგურალი ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან. ირაკლი ჯანჯღავას დარტყმული ბურთი მეკარე დავით კერესელიძემ მოიგერია და ძელს მოხვდა, დამატებაზე ველისოლი ურტყამდა და... ისევ კერესელიძე.
მე-80 წუთზე კი დილამ კარგი კონტრშეტევა დაასრულა გოლით. აბუბაქარ კონტეს პასს მოჰყვა სირილ ედუძის გოლი. ეს გადამწყვეტი გამოდგა.
თბილისურ დერბიში დინამოელებმა მოიგეს. არადა, თავიდან იბერია 1999 იგებდა გურამ გოშთელიანის მოულოდნელი დარტყმით. გოშთელიანმა ზურგით მდგომმა დაარტყა და გიორგი ლორია აშკარად არ ელოდა.
დინამომ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, კერძოდ, ბარნს ოსეის პასს მოჰყვა გიორგი ხარაიშვილის შესრულება და 1:1. ხარაიშვილი, როგორც იცით, იბერია 1999-ის (მაშინდელი საბურთალოს) აღზრდილი და ამ გუნდის ყოფილი ლიდერია.
როგორც სამგურალი-დილაში, აქაც მე-80 წუთზე გადვიდა გადამწყვეტი გოლი: ხარაიშვილის კარგ პასს მოჰყვა ირაკლი სირაძის პირისპირ გასვლა. სირაძემ მეკარე გიორგი მაკარიძე მოატყუა და ისე გაიტანა - 2:1.
სხვათა შორის, ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირება იბერიელებს ჰქონდათ მოგებული და აი, დინამომ ეს ტენდენცია შეწყვიტა.
თელავმა ბათუმში მოიგო და მერვეადგილოსან გარეჯს ქულებით დაეწია, თუმცა საგარეჯოელებს ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვთ.
აი, დინამო ბათუმს კი რთული პერიოდი აქვს, ზაფხულის შესვენების მერე გუნდმა 7 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო.
თამაშს რაც შეეხება, ბათუმელები 29-ე წუთზე ათი კაცით დარჩნენ, რადგან რევაზ ჩიტეიშვილი გააძევეს ტატო ჟივიძის წინააღმდეგ უხეშობისთვის. ამის მერე, თელავმა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაიტანა. ორივეჯერ ესპანელმა ინიგო მარტინმა... ჯერ თავით, მერე ფეხით.
მეორე ტაიმში თელაველთა საყრდენმა ანდრია დევდარიანმა საჯარიმოში ერთი შეხებით კარგად შეასრულა და ანგარიში 0:3 გახდა. ბათუმელებმა კი პენალტით გაქვიტეს ერთი ბურთი, კერძოდ, ბაჩანა არაბულმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი დაინიშნა და მასპინძელთა ალბანელმა ნახევარმცველმა უერდი მარამ ზუსტად დაარტყა...