კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა: გორის დილამ გაუსწრო თბილისის იბერია 1999-ს.
დღეს დასრულდა 24-ე ტური. ორი მატჩი გაიმართა: დილამ დინამო ბათუმს მოუგო, იბერიელები კი აუტსაიდერ ფოთის კოლხეთი 1913-თან დამარცხდნენ.
მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ეს იბერიელთა მხოლოდ მეორე წაგებაა და საინტერესოა, რომ ორივეჯერ შინ დამარცხდნენ იმ გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იყო: ადრე თელავთან და დღეს კოლხეთი 1913-თან. ფოთელებმა 29 აპრილის მერე პირველად გაიმარჯვეს. 12 ტურის განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული.
თამაშს რაც შეეხება, პირველი გოლი 73-ე წუთზე გავიდა. რომან პლიუშჩის პასის შემდეგ ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ ძლიერი დარტყმით გაიტანა. იბერიელები ხელოვნური თამაშგარის შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ.
ბოლოს კი ფოთელთა ნახევარმცველმა დავით ფაღავამ ისარგებლა მეტოქის შეცდომით და 0:2 გახადა ანგარიში. სხვათა შორის, კაპანაძისთვისაც და ფაღავასთვისაც ეს სადებიუტო გოლი იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
გორის დილამ დინამო ბათუმს მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა.
ბათუმელები უკვე მე-13 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რადგან დმიტრი მანდრიჩენკო ცენტრში უხეშობისთვის გააძევეს. მანდრიჩენკომ სახეში ფეხი მიარტყა ალექსანდრე ანდრონიკაშვილს...
სტუმრები არ ტყდებოდნენ, მაგრამ 66-ე წუთზე ცხრა კაცით დარჩნენ. არბიტრმა ბაქარ ბრეგაძემ ლევან ხოზრევანიძეს მეორე გაფრთხილება მისცა: ეს იმის გამო, რომ ხოზრევანიძეს ტრავმა ჰქონდა, ექიმებმა მინდვრის მიღმა აღმოუჩინეს დახმარება და ისიც მინდორზე დაბრუნდა... მსაჯის დაუკითხავად. ბრეგაძემაც ამიტომ უჩვენა ყვითელი ბარათი.
დილამ ასეთი უპირატესობა ბოლოს მაინც გამოიყენა. 85-ე წუთზე არბიტრმა VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი და ანდრონიკაშვილმაც ზუსტად დაარტყა - 1:0.
ბოლოს კი კონტრშეტევაზე დილამ მეორე ბურთიც მიითვალა. აბდალა ხალაიჰალიმ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა...
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ