კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა. გორის დილამ ქუთაისში მოუგო ტორპედოს, თელავი- დინამო თბილისი და იბერია 1999-დინამო ბათუმის შეხვედრები კი უგოლო ფრეებით დასრულდა.
გორის დილამ ქუთაისის ტორპედოს აბუბაქარ კონტეს გატანილი პენალტით მოიგო. დილას შემტევი სირილ ედუძი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, არბიტრმა ჯენერი ხორავამ კი VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი, რომელიც კონტემ ზუსტად შეასრულა.
ტორპედოს საკმაოდ ჰქონდა მომენტები, თუმცა კარგად თამაშობდა დილას დაცვა და მეკარე დავით კერესელიძეც.
ისე, საინტერესოა, რომ ამ გუნდების წლევანდელ დაპირისპირებებში სულ სტუმრები იგებენ.
დილა მეორე ადგილზეა და ლიდერთან ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა. ტორპედო კი მეხუთე საფეხურზეა. ქუთაისელებს ბოლო სამი მატჩია, არ გაუმარჯვიათ.
ლიდერმა იბერია 1999-მა ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა. წინა შეხვედრაში დილას 6:0 აჯობეს, მაგრამ ამჯერად უგოლოდ დარჩნენ.
თან, ბათუმელები ტაიმზე მეტხანს ათი კაცით იყვნენ. არბიტრმა კობა რევაზაშვილმა ნიკა კალანდარიშვილი გააძევა (VAR-ზე გადამოწმების მერე). კალანდარიშვილი ეუხეშა ლუკა სილაგაძეს, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო.
იბერია 1999 ორი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ დილას. ბათუმელები კი მეოთხეზე არიან.
თელავისთვის ეს ზედიზედ მესამე ფრეა, მანამდე კი ლიდერ იბერია 1999-საც მოუგეს. აი, დინამომ კი მეხუთე წაუგებელი მატჩი ჩაატარა.
მე-20 წუთი იყო, როცა ჯაბა კანკავა ცენტრში ეუხეშა ტატო ჟივიძეს და გაფრთხილება მიიღო. ამაზე კანკავა გაბრაზდა, ემოციურად გამოხატა და არბიტრმა ირაკლი შენგელიამ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ჯაბა გააძევეს. სხვათა შორის, მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამედ გააძევეს.
79-ე წუთზე კი დინამოელები სულაც ცხრა კაცით დარჩნენ, რადგან ბარნს ოსეის უჩვენებს წითელი ბარათი.
დაძაბული თამაში გამოდგა, ისე კი საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა. საბოლოოდ ნულები ტაბლოზე. თელავი ისევ მეცხრე ადგილზეა, დინამო თბილისი კი - მესამეზე.
სპაერი
სამგურალი
დინამო თბ
მეშახტე
რუსთავი
იბერია 1999
ტორპედო
დინამო ბთ
გაგრა
დილა
ოდიში 1919
მერანი მრ
თელავი
გარეჯი
არაგვი
შტურმი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913