კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური, ანუ მეორე წრე დასრულდა. ხუთშაბათს ოთხი მატჩი გაიმართა. კვლავ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა და ექვსქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ასევე მოიგეს გარეჯმა, დინამო ბათუმმა და წყალტუბოს სამგურალმა.
საგარეჯოელებმა ქუთაისში მოუგეს ტორპედოს. გარეჯს ამ ტურამდე ზედიზედ სამი ფრე ჰქონდა, ტორპედომ კი კარგი სერია ბოლოს ზედიზედ ორი მარცხით დაასრულა.
მე-19 წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა გარეჯის გარემარბმა ვახო ბედოშვილმა. ის პირველად გამოიძახეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში და დიდი შანსია, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.
ბოლოს კი გარეჯმა კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე, კერძოდ, მათე ქომეთიანის პასს მოჰყვა სერგო კუხიანიძის გოლი და საბოლოოდ, 0:2.
წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მეორედ მოიგო და მეშვიდე ადგილზეა, თელავი კი ბოლო ადგილზე დარჩა. თელაველებს 12 ტურია არ გაუმარჯვიათ და ამ 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.
მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი ვნახეთ. მე-20 წამზე სამგურალი გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა დაბალი დარტყმით.
თელაველებმა მე-15 წუთზე გაათანაბრეს, როცა ნიკა ცეცხლაძემ გამოზომილი დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა ნოდარ ყალიჩავას - 1:1.
თუმცა პირველივე ტაიმში ფანცუალაიამ მეორედ დააწინაურა სტუმრები. გიორგი ფანცულაიამ ტექნიკურად დაასრულა კონტრშეტევა, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ფანცულაიას დუბლი... ორივეჯერ ლუკა ხორხელის პასით გაიტანა. გიორგის მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 7 გოლი მოუგროვდა.
მეორე ტაიმის შუაში ანგარიში 1:3 გახდა. სამგურალმა ბრაზილიური გოლი მიითვალა: ჯეფერსონ ჯერალდოს პასით ვინისიუსმა გაიტანა...
მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მოიგო და ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. იბერია 1999-მა გაგრას ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა...
არადა, თავიდან გაგრა იგებდა ლევან გეგეჭკორის ორიგინალური გოლით. გეგეჭკორმა რბილი დარტყმით თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე თორნიკე მეგრელიშვილს.
თუმცა მცირე მონაკვეთში იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა და ტაიმი იბერიელებმა მოიგეს. იურიმ ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, მერე კი თავურით გაიტანა. იური ტაბატაძე ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა - 9 გოლი აქვს...
მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს გაგრელთა კარის აღება. თორნიკე ახვლედიანის პასი, ამირან ძაგანიას მეკარესთან პირისპირ გასვლა და საბოლოოდ 3:1. ახვლედიანიც და ძაგანიაც მინდორზე ხუთი წუთის შესულები იყვნენ.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილ იბერია 1999-ს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ბათუმელებმა ზღვისპირული დერბი მოიგეს და მესამე ადგილზე დაბრუნდნენ, კოლხეთი 1913 კი ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.
ფოთელები მე-6 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ. მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა ფოთელთა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა წესები დაარღვია გიტის პაულაუსკასის წინააღმდეგ. არბიტრმა ბაქარ ბრეგვაძემ ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმებისას გაირკვა, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო. შესაბამისად, ჯარიმა დაინიშნა, ხოლო გიუნაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.
დინამო ბათუმი პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა: რევაზ ინჯგიას ჩაწოდებულს მოჰყვა პაულაუსკასის გოლი.
მეორე გოლი კი შესვენების შემდეგ, მალევე გავიდა. მოჰამედ ფოფანამ ქუსლით კარგი პასი გაუკეთა ნიკა კალანდარიშვილს, შემდეგ მისგანაც მიიღო გადაცემა და დაბალ კუთხეში დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.
ეს ტური ოთხშაბათს გაიხსნა გორის დილასა და დინამო თბილისის დაპირისპირებით.
https://erovnuliliga.ge/ge/news/8821-dilas-zedized-mekhute-mogeba