კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის პირველი მატჩი გაიმართა. გორის დილა შინ აგებდა დინამო თბილისთან, მაგრამ შოთა შეყილაძის ლამაზი გოლებით გაიმარჯვა - 2:1.
გორის დილამ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიმარჯვა და მეორე ადგილი უფრო გაიმყარა. ამ ხუთი შეხვედრიდან სამი იყო ისეთი, რომელშიც გორელები აგებდნენ და მაინც სამი ქულა მოიპოვეს...
ისიც აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისს არაერთი ფეხბურთელი აკლდა. თავიდან სწორედ დინამოელები დაწინაურდნენ: კუთხურს მოჰყვა ირაკლი იაკობიძის თავურით პასი და ლეო ასენსეუმ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში. ეს ლეო ასუნსეუს მეოთხე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დილამ პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, კერძოდ, შოთა შეყილაძემ ბრწყინვალე ინდივიდუალურ მოქმედებას ზუსტი დარტყმაც მიაყოლა.
52-ე წუთზე კი ისევ შეყილაძემ გაიტანა. მან ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში. ესეც ლამაზი გოლი გამოვიდა - 2:1. შოთას ჰეთ-თრიქამდე ცოტა დააკლდა, ხარიხას მოარტყა ბურთი...შეყილაძეს წლეულს 8 გოლი მოუგროვდა.
85-ე წუთზე დინამო თბილისი ათი კაცით დარჩა, რადგან ჯაბა კანკავა გულშემატკივრებთან დაპირისპირების გამო გააძევეს. ჯაბას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს მისი მეორე წითელი ბარათია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ბოლოს დილას ჰქონდა მომენტები, ირაკლი ბუღრიძემ ძელს მოარტყა ბურთი, ორ მომენტში მეკარე სტეფან სიკაჩმა ითამაშა კარგად. საბოლოოდ 2:1.