კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. გორის დილამ და დინამო თბილისმა სამ-სამი ქულა მოიპოვეს. დილამ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა. დინამოელებმა კი აჯობეს ქუთაისის ტორპედოს, რომელსაც ხუთმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა...
გორის დილამ სტუმრად სძლია ფოთის კოლხეთი 1913-ს. ეს გორელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა. გუნდი მეორე ადგილზეა. ფოთელები მერვეზე დარჩნენ.
37-ე წუთზე დილამ გაიტანა: ჟან-მარკ ტიბუემ ჩააწოდა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თავით ზუსტად დაარტყა.
ზედ შესვენების წინ ფოთელებმა გაათანაბრეს. გიორგი აბუაშვილი დილას საჯარიმოში წააქციეს, დაინიშნა პენალტი და თავად აბუაშვილმა დაარტყა. მეკარე ლუკა სანიკიძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ გიორგიმ ითამაშა კარგად და 1:1.
ეს აბუაშვილის მერვე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა სიაში პირველზეა.
62-ე წუთზე არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი და პენალტი დანიშნა დილას სასარგებლოდ. გორელთა შემტევ ოთარ ფარულავას წინააღმდეგ დაირღვა წესები. თერთმეტმეტრიანი იბრაჰიმა დრამემ დაარტყა და დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია ბურთი...
თუმცა სტუმრებმა მაინც მოიგეს. ფარულავამ საჯარიმოდან გადმოვარდნილი ბურთი მიიღო და ძლიერი დარტყმით გაიტანა - 1:2.
დინამო თბილისმა ქუთაისის ტორპედოს აჯობა და ორი ქულით გადაუსწრო. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი ახლა მესამე ადგილზეა. ქუთაისელებს კი ამ ტურამდე ზედიზედ 5 გამარჯვება ჰქონდათ და სერია შეწყვიტეს.
სწრაფი გოლი ვნახეთ. დინამოელმა თორნიკე მორჩილაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. ეს მორჩილაძის მეხუთე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ნახევარში კი ნიკა ნინუამ კუთხური ჩააწოდა, შორეულ ძელთან გაუშვა ბურთი და ლეო ასუნსეუმ თავურით ორამდე გაზარდა სხვაობა - 2:0.
ბოლოს მინდორზე გუნდური ჩხუბი გაიმართა, რასაც არბიტრ გიორგი ყრუაშვილისგან 9 წითელი ბარათი მოჰყვა. 5 ფეხბურთელი დინამოელთაგან გააძევეს, 4 - ქუთაისელთაგან.
ცოტაც დაპირისპირებების ისტორიაზე. 1990 წლიდან მოყოლებული, ეს იყო ამ გუნდების 95-ე ურთიერთშეხვედრა. დინამო თბილისმა 50-ე მოგება მიითვალა, 25 მატჩი ფრედ დასრულდა და 20 ტორპედოს გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება კი 154:83 დინამოელთა სასარგებლოდ.
წლეულს, პირველ წრეში ტორპედო-დინამო თბილისი 2:0 დასრულდა. ახლაც ზუსტად იგივე ანგარიში, ოღონდ თბილისელებმა იმარჯვეს.