კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტური გაიმართა. ვნახეთ გატანილი და ვერგატანილი პენალტები, დაძაბული თამაშები, ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი... ჩემპიონი ჯერ არ გამოვლენილა, ცხრილის ქვედა ნაწილშიც ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება.
ქუთაისელები მე-13 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რადგან ნიკა სანდოხაძე გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის: გაგრას სახიფათო კონტრშეტევის დროს, როცა გიორგი ხარებაშვილს შეეძლო მეკარესთან პირისპირ გასულიყო, სანდოხაძემ ხელით ითამაშა.
ამის მიუხედავად, ტორპედომ გაიმარჯვა. ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს ფელიპე პირესმა გაიტანა პენალტით, 76-ე წუთზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა შორეული დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს ბიძინაშვილის პირველი გოლია ტორპედოს მაისურით.
ქუთაისელები მეორე ადგილზე არიან და 4 ქულით ჩამორჩებიან იბერია 1999-ს. გაგრა მეშვიდე პოზიციაზეა.
იბერიას რომ მოეგო, ჩემპიონი გახდებოდა. საკმაო ხანს იგებდა კიდეც...
თბილისელები გიორგი კოხრეიძის ლამაზად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ. ეს კოხრეიძის მე-16 გოლია სეზონში. თუმცა 73-ე წუთზე ფოთელებმა ასევე სტანდარტულიდან გაათანაბრეს: გიორგი ხარებავამ ჩააწოდა და გიორგი ახალაძემ ერთი შეხებით მოახერხა გატანა - 1:1.
მალევე, იბერია 1999-მა პენალტი გააფუჭა, კერძოდ, იური ტაბატაძემ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი - არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა. კოხრეიძემ დაარტყა და მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია ბურთი, დამატებაზე კი ტაბატაძემ ახლოდან ააცილა.
იბერია 1999 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, კოლხეთი 1913 კი მერვე ადგილზეა.
აქაც ვნახეთ გამოუყენებელი პენალტი, რომელიც ასევე VAR-ზე ნახვის შემდეგ დაინიშნა. თელაველთა მცველ სიმაო ჟუნიორს საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი. პენალტი სამგურალის შემტევმა ლევან კუტალიამ დაარტყა და მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია ბურთი.
მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა საბოლოოდ - 0:0. სამგურალი ბოლო 5 მატჩია არ დამარცხებულა და მეხუთე ადგილზეც გადაინაცვლა, თელავი კი მეცხრეზეა.
გორის დილამ ზედიზედ მეორედ მოიგო ანგარიშით 1:0 და ორივეჯერ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილით. წინაზე დინამო თბილისს აჯობეს, ახლა კი სტუმრად სამტრედიას.
კოტრშეტევაზე ოთარ ფარულავამ ითამაშა მშვენივრად, დრიბლინგს ზუსტი პასი მიაყოლა და ირაკლი ბუღრიძემ მაღალ კუთხეში დარტყმით მიითვალა გოლი. ეს ბუღრიძის მეოთხე გოლია სეზონში.
დილა მესამე ადგილზეა, სამტრედია კი - ბოლოზე. სამტრედიელები 4 ქულით ჩამორჩებიან მეცხრეზე მყოფ თელავს.
დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს. ბათუმელები მეოთხე პოზიციაზე არიან, თბილისელები კი - მეექვსეზე.
საინტერესოა, რომ საქართველოს თასზე თბილისელებმა გამოთიშეს ზღვისპირელები, თუმცა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წლეულს ოთხი დაპირისპირებიდან ერთხელ დაფიქსირდა ფრე, დანარჩენ სამში კი ბათუმელებმა გაიმარჯვეს.
27-ე წუთზე უკვე 0:2 იყო. ჯერ ჯალენ ბლესამ გაიტანა პენალტი, მერე კი 18 წლის ნიკა დუმბაძემ წაართვა ბურთი თბილისელთა მეკარე მიხეილ მაქაცარიას და ცარიელ კარში შეაგრა ბურთი. ეს დუმბაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლით შეამცირეს სხვაობა - 1:2.
75-ე წუთზე გუნდებს თითო-თითო ფეხბურთელი გაუძევეს, კერძოდ, ბლესა და გამოცდილი მათე ვაწაძე, ხოლო ბოლოს მეორე გაფრთხილება მიიღო დინამო თბილისის გვატემალელმა შემტევმა ოსკარ სანტისმა და მანაც დატოვა მინდორი.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
