კალენდარი

ხუთშაბათი, 23 მაისი

პარასკევი, 24 მაისი

ორშაბათი, 27 მაისი

სამშაბათი, 28 მაისი

ახალი ამბები

იბერია 1999-მა და ტორპედომ ზედიზედ მესამედ მოიგეს, თელავმა სტუმრად იმარჯვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტურის სამი მატჩი გაიმართა. გოლებიც საკმაოდ ვნახეთ, სადებიუტოებიც, კუთხურიდან ჩახვეულიც... თელავმა, ტორპედომ და იბერია 1999-მა მოიგეს.

სამტრედია 1:2 თელავი

თელავმა სტუმრად სძლია სამტრედიას.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მშვენიერი გოლი ვნახეთ: თელავის შემტევმა თორნიკე მორჩილაძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია კარში.

სამტრედიამ 90-ე წუთზე გაათანაბრა, კერძოდ, მათე აბულაძემ ძლიერად ჩააწოდა და თელაველთა მცველ არტურ კარტაშიანს აეჭრა ბურთი ფეხიდან. ავტოგოლი და 1:1.

თუმცა ეს არ იყო ბოლო გოლი. თამაშს 14 წუთი დაემატა, რადგან თელაველთა ფეხბურთელ ალეკო ანანიძეს ექიმები დიდხანს მკურნალობდნენ (მხრის ტრავმა).

თელაველებმა ამ დროში მოახერხეს გადამწყვეტი ბურთის გატანა: საჯარიმო, ჩაწოდება, ფირუზ გაბიტაშვილის თავური და ჯინო პერუცის ახლოდან გატანილი... ეს არგენტინელი პერუცის პირველი გოლია საქართველოში. პერუცი თავის დროზე არგენტინის ნაკრებში, ბოკა ხუნიორსა და კატანიაში თამაშობდა.   

იბერია 1999 3:1 გაგრა 

თბილისის იბერია 1999-მა ზედიზედ მესამედ მოიგო, გაგრამ კი პირიქით - მიჯრით მესამედ წააგო. იბერიელები ამ დროისთვის ლიდერობენ ცხრილში, გაგრა კი ბოლოზეა.

პირველი გოლი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა გიორგი კოხრეიძის პასის შემდეგ. მალევე, შეიკნე სილამ თითქმის იგივე პოზიციიდან იგივე კუთხეში ზუსტი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს ორი გოლი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.

32-ე წუთზე ლევან გეგეჭკორის ჩაწოდებულს მოჰყვა გიორგი ქიმაძის თავური და მართალია, მეკარე ლაზარე კუპატაძემ რეაგირება მოახდინა, მაგრამ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა - 2:1.

მეორე ტაიმში კი ოთარ მამაგეიშვილის კარგ პასს მოჰყვა ცოტნე კაპანაძის ახლოდან დარტყმა და 3:1.

ტორპედო 3:1 სამგურალი 

ტორპედო იმერულ დერბიში შინ აგებდა სამგურალთან, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა.

თავიდან წყალტუბოელთა შემტევმა ლუკა ხორხელმა ერთი შეხებით დაარტყა გადმოვარდნილ ბურთს და თავისიანები დააწინაურა. შეგახსენებთ, ხორხელმა წინა ტურში გადამწყვეტი, მომგებიანი გოლი გაუტანა თელავს...

შესვენების შემდეგ, რამდენიმე წუთში, ქუთაისელთა სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა ნინკოვიჩმა დაასრულა ხანგრძლივი შეტევა და 1:1.

საკვანძო გამოდგა 83-ე წუთი, როცა ტორპედოს შეტევა გოლით დამთავრდა: გიორგი მჭედლიშვილის პასი და ნორვეგიელი ბიორნ იონსენის მეექვსე გოლი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. იონსენი საუკეთესო ბომბარდირია.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ალეკო ბასილაძემ გამოიყენა თავისი შანსი. 18 წლის ბასილაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, თან დებიუტი ჰქონდა... კარგად გაერკვა სიტუაციაში, მცველი ჩამოიშორა და ძლიერადაც დაარტყა.

ტორპედომ ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზეა, ხოლო სამგურალი - მეცხრეზე.