კალენდარი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

ახალი ამბები

მეორე ტიტული - ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონი დინამო ბათუმი დააჯილდოვა. ზეიმით შეხვდა ბათუმი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის თამაშს... შეგახსენებთ, დინამო ბათუმი ისტორიაში მეორედ გახდა ჩემპიონი. პირველად ეს 2021 წელს მოახერხა. დაჯილდოვება, რა თქმა უნდა, თამაშის მერე შედგა, მანამდე კი ოთხი გოლი ვნახეთ.

დინამო ბთ 2:2 ტორპედო 

სწრაფი გოლი გავიდა: ჯოვინო ფლამარიონი ურტყამდა, მაგრამ ბურთი ტორპედოელი ნიკა სანდოხაძის ფეხიდან შევარდა კარში - 1:0. ამას მოჰყვა მამუკა კობახიძის თავური და 2:0... ორივე გოლში დაიდო წვლილი ბათუმელთა შემტევმა გიორგი ზარიამ.

მე-19 წუთზე ტორპედომ სხვაობა შეამცირა, კერძოდ, გიორგი არაბიძემ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა. პენალტი, არაბიძის დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია და გიორგიმ ზუსტად დაამატა.

მეორე ტაიმში კი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა, ანგარიში 2:2 გახდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ გოლით გაინაღდა ტორპედომ კონფერენციის ლიგის საგზური. ტორპედომ და დილამ ქულები თანაბრად დააგროვეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში აჯობეს იმერლებმა.

მთლიანობაში გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტური. ადგილები გაირკვა, მაგრამ დარჩენილია ფლეი-ოფები და ასევე დარჩენილია დავით ყიფიანის საქართველოს თასის ფინალი. ქუთაისის ტორპედომ კონფერენციის ლიგაზე გასვლა გაინაღდა. იქ, სადაც დინამო თბილისიც ითამაშებს, ხოლო მესამე გამსვლელი გასარკვევია: ან დილა, ან საბურთალო.

გაგრა მეშვიდე ადგილზე გავიდა და ფლეი-ოფი აიცილა თავიდან. გუნდის ფორვარდმა ზურაბ მუსელიანმა კი შუქურასთან 7 გოლი გაიტანა და მიხეილ ჯიშკარიანის რეკორდი გაიმეორა.

შუქურა 0:9 გაგრა

გაგრამ მოიგო, კონკურენტ თელავს გადაუსწრო და მეშვიდე ადგილზე გავიდა. ანუ, გაგრამ ადგილი შეინარჩუნა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

შუქურამ კი ზედიზედ მესამედ წააგო ზუსტად ამ ანგარიშით: 0:9. ჯერ სამტრედიასთან, მერე ტორპედოსთან და ახლა გაგრასთანაც.

მატჩის მთავარი მოვლენა კი ზურაბ მუსელიანის 7 გოლია. გაგრას ფორვარდმა გაიმეორა საქართველოს ჩემპიონატის რეკორდი ერთ მატჩში გატანილი გოლების მიხედვით. მიხეილ ჯიშკარიანმა გაიტანა ასევე 7 ბურთი, როცა ცხუმმა 11:0 მოუგო ოზურგეთის მერცხალს.  ეს 1991/92 წლების სეზონში.

მუსელიანმა სეზონი 17 გოლით დაასრულა და თანაბომბარდირი გახდა: ასევე 17-17 მოაგროვეს ჯოვინო ფლამარიონმა და ზორან მარუშიჩმა.  

მის გარდა, შუქურას თითოჯერ გაუტანეს ვლადისლავ ხომუტოვმა და საბა აროშიძემ. ორივესთვის სადებიუტო გოლი იყო.

დილა 3:1 თელავი 

ბევრი რამ წყდებოდა ამ შეხვედრაში. გორის დილამ თელავთან მოიგო, მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენციის ლიგაზე იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ დავით ყიფიანის საქართველოს თასის ფინალში დინამო ბათუმი მოუგებს საბურთალოს. აი, თელავს კი ფლეი-ოფი მოუწევს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის: მეტოქე თბილისის სპაერი იქნება, თამაშები კი 6 და 10 დეკემბერს გაიმართება.

არადა, თელავი იგებდა გორში. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა იმედა აშორტიამ დააწინაურა სტუმრები.

64-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა თავურით გაათანაბრა, მერე მიშიკო სარდალიშვილმა გამოზომილი დარტყმით წინ გაიყვანა დილა, ბოლოს კი კონტრშეტევაზე ბანტუ მზვაკალმა გაიტანა - 3:1.

სამტრედია 2:3 სამგურალი 

იმერულ დერბიში სამტრედია 2:0-ს უგებდა სამგურალს, მაგრამ საბოლოოდ წყალტუბოელებმა იმარჯვეს.

სამტრედიელთაგან ორივე გოლი თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს სამგურალის საყრდენმა ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ ძლიერი დარტყმით შეამცირა სხვაობა - 2:1.

51-ე წუთზე ლომინაძეს დუბლის შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი გააფუჭა: კარს ააცილა ბურთი. და სწორედ ლომინაძემ რამდენიმე წუთში მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანა - კუთხურიდან ჩაწოდებულს ერთი შეხებით მიაყოლა დარტყმა...

68-ე წუთზე კი სამგურალი წინ გავიდა: თედო კიკაბიძის პასს მოჰყვა შარბელ გომეზის გოლი და 2:3. წყალტუბოელები მეხუთე ადგილზე გავიდნენ, მეცხრეზე გასულ სამტრედიას კი ფლეი-ოფი მოუწევს საგარეჯოს გარეჯთან...

საბურთალო 0:3 დინამო თბ

დინამო თბილისმა საბურთალოს სამივე კო,ბინაციური გოლი გაუტანა. ჯერ დავით სხირტლაძემ გამოიყენა გიორგი ხარაიშვილის პასი, მერე მრავალსვლიანი კომბინაცია დავით კობოურის პასის შემდეგ გოლით დაასრულა ზორან მარუშიჩმა, ხოლო ბოლო წუთზე ნიკა სიხარულაშვილის პასით ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიტანა. ეს უგრეხელიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

დინამო თბილისი მეორე ადგილზე გავიდა, საბურთალო კი მეექვსეზე. საბურთალოს თასის ფინალი დარჩა სათამაშო დინამო ბათუმთან.

და ბომბარდირებზე კიდევ ერთხელ. სამი თანაბომბარდირი: 17-17 გოლი მოუგროვდათ ჯოვინო ფლამარიონს, ზორან მარუშიჩსა და ზურაბ მუსელიანს.