კალენდარი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

ახალი ამბები

30-ე ტური: გაგრამ, თელავმა და ტორპედომ მოიგეს

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური. დღეს სამი მატჩი გაიმართა: დინამო თბილისმა შინ წააგო გაგრასთან და საჩემპიონო რბოლაში შანსი შეუმცირდა; ტორპედომ იმერულ დერბიში სამტრედიას აჯობა, ხოლო თელავმა სამგურალთან აიღო სამი ქულა. ვნახეთ გიორგი არაბიძის დუბლი, კიდევ ორი ფეხბურთელის სადებიუტო გოლები...

თელავი 2:1 სამგურალი

თელავმა ამ მოგებით მეშვიდე ადგილი გაიმყარა, სამგურალი კი მეხუთეზეა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ლეგიონერების გოლებით შეიქმნეს ორბურთიანი უპირატესობა: ჯერ ჰაიტელმა ჟონელ დეზირემ გაიტანა თორნიკე მორჩილაძის პასით, მერე კი იმედა აშორტიას ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა ბრაზილიელი ტომელინ გუტიერის ზუსტი თავური - 2:0.

სამგურალმა მატჩის ბოლო წუთებზე მოახერხა სხვაობის შემცირება, კერძოდ, ლუკა ხორხელმა ძლიერი დარტყმით გაიტანა - 2:1.

საინტერესოა, რომ გუტიერისთვის და ხორხელისთვისაც ეს სადებიუტო გოლები იყო მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

დინამო თბ 0:1 გაგრა

მოქმედმა ჩემპიონმა დინამო თბილისმა შინ 0:1 წააგო გაგრასთან და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო ბათუმს. გაგრას რაც შეეხება, მეცხრეზე რჩება, მაგრამ მერვეადგილოსან სამტრედიას გაუთანაბრდა ქულებით. გაგრამ ბოლო 4 შეხვედრაში 10 ქულა აიღო.

მატჩის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე გავიდა. გაგრას მარცხენაფლანგელმა საბა მამაცაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაუტანა გიორგი ლორიას - 0:1.

ტორპედო 2:0 სამტრედია

ქუთაისის ტორპედომ გიორგი არაბიძის დუბლით სძლია სამტრედიას და მეოთხე ადგილზეა.

არაბიძეს 11 გოლი მოუგროვდა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მან პირველ ტაიმში პენალტი გაიტანა, მატჩის ბოლო წუთებზე კი შორიდან დაარტყა და მშვენიერი გოლი მიითვალა.

სხვათა შორის, ტორპედომ მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა: შესვენებამდე ერთი წუთით ადრე გიორგი მჭედლიშვილი გააძევეს.