კალენდარი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

ახალი ამბები

ჰეთ-თრიქი, სადებიუტო გოლებიც; დინამო თბილისმა, საბურთალომ და სამტრედიამ მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა: დინამო თბილისმა, საბურთალომ და სამტრედიამ სამ-სამი ქულა მიითვალეს. ჯამში 14 გოლი გავიდა. ვნახეთ ჰეთ-თრიქი, ასევე სადებიუტო გოლებიც. 

დილა 1:3 სამტრედია 

ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა სამტრედიამ სტუმრად 3:1 მოუგო გორის დილას. ეს გორელთა ზედიზედ მეორე წაგებაა, ხოლო სამტრედიას საინტერესო სტატისტიკა აქვს: 16 ქულიდან 11 სტუმრად აიღო. იმერულმა გუნდმა 28 მაისის მერე პირველად გაიმარჯვა.

მე-14 წუთზე სამტრედიელთა ნახევარმცველმა საბა ფირანაშვილმა შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა, ხოლო შესვენების წინ მათე აბულაძემ პენალტით ორამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა.

მომენტები საკმაოდ შეიქმნა ორივე კართან. 89-ე წუთზე დილამ სხვაობა შეამცირა, კერძოდ ონორე გომისმა გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სამტრედიელთა ფორვარდმა რევაზ ინჯგიამ კონტრშეტევისას კარგი პასი გაუკეთა თორნიკე ახვლედიანს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.  

საბურთალო 5:0 გაგრა 

საბურთალომ უკვე მე-13 წუთისთვის შეიქმნა ორბურთიანი უპირატესობა. ორივე გოლი კამერუნელმა სირილ ჩამბამ გაიტანა ახლო მანძილიდან. ჩამბამ ბოლო წუთებზე კიდევ ერთი ბურთი მიითვალა და საბოლოოდ ჰეთ-თრიქი შეასრულა...

რაც შეეხება დანარჩენ ორ გოლს:  ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა გიორგი ჯინჯოლავას კარგი ჩაწოდების შემდეგ. ხოლო მერე თავად ჯინჯოლავამაც მოახერხა გატანა და თან ლამაზად - შორიდან მოულოდნელი დარტყმით.

საბურთალოდან ერთი საგოლე პასი 17 წლის დანიელ ქვარცხავამ გააკეთა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მხოლოდ 8 წუთი ითამაშა.  

საბურთალო მესამე ადგილზეა. გაგრამ კი ზედიზედ მეოთხედ წააგო, თუმცა მერვე ადგილზე დარჩა.

შუქურა 2:3 დინამო თბ 

აუტსაიდერი ქობულეთის შუქურა პირველი ტაიმის მერე 2:0-ს უგებდა დინამო თბილისს, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონმა იმარჯვა. დინამო მეორე ადგილზეა.

შუქურა ალეკო ანანიძემ დააწინაურა, მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით დარტყმით. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი ბექა ვერულიძემ გაიტანა: საჯარიმო ტექნიკურად შეასრულა, იქ დავით მუჯირმა დააბნია მეკარე და ბურთი კარში აღმოჩნდა.

მეორე ნახევარი როგორც კი დაიწყო, დინამოელმა უსმანე კამარამ მოახერხა კარგი გოლის გატანა - 1:2. მალევე, 54-ე წუთზე პენალტი დაინიშნა შუქურას კარში და დავით სხირტლაძემ ანგარიში გაათანაბრა.

დინამომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატეხა შუქურა: კუთხური და 19 წლის ჯადული იობაშვილის გოლი თავურით. ეს იობაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. პირველი და ასეთი ფასეული - 2:3.