კალენდარი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

ახალი ამბები

საბურთალომ ჩემპიონს მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეცხრე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ბოლო რამდენიმე ტური თუ დინამო თბილისი და დინამო ბათუმი თანაბარი ქულებით მიდიოდნენ, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა: ბათუმელები ერთი ქულით წინ გავიდნენ და ლიდერები არიან.  

ტორპედო 0:0 დინამო ბთ

სამტრედიაში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და გატანილი გოლი ვერ ვნახეთ. ქუთაისის ტორპედოსთვის ეს მეოთხე ფრე იყო სეზონში და ოთხივე 0:0... ტორპედოს ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - 4. გუნდი მესამე ადგილზეა.

დინამო ბათუმი კი ლიდერია, ერთი ქულით უსწრებს დინამო თბილისს. ბათუმელებმა პირველი წრე წაუგებლად ჩაატარეს.

თელავი 2:2 დილა 

თელავმა ბოლო ოთხ ტურში პირველი ქულა აიღო, დილამ კი მეხუთედ ითამაშა ფრედ.

თავიდან თელავი იგებდა ნიკოლაი ყიფიანის ინდივიდუალური გოლით. პირველ ტაიმშივე დილამ ონორე გომისის გოლით გაათანაბრა: ტიერი გეილის პასი გამოიყენა...

მეორე ნახევრის საწყის წუთებში ბარბადოსელმა გეილმა თავად გაიტანა რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემის შემდეგ. ეს გეილის მეოთხე გოლია სეზონში.

კახეთის გუნდი ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გადაურჩა წაგებას: ვაჟა ფაცაციას თავური და 2:2.

დინამო თბ 1:3 საბურთალო 

დინამო თბილისმა სეზონში პირველად წააგო: დედაქალაქური დერბი საბურთალოსთან 1:3.

პირველი ტაიმი დინამომ მოიგო, გოლი კი ზორან მარუშიჩმა გაიტანა გიორგი მოისწრაფიშვილის პასის შემდეგ. მარუშიჩმა ცხრიანში, ახლო კუთხეში დაარტყა...

შესვენების შემდეგ საბურთალოელი იური ტაბატაძე შეცვლაზე შევიდა და ჯერ ლამაზი გოლით გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი მეორე გოლშიც წვლილი დაიდო. საჯარიმო დაინიშნა, ტაბატაძისგან ყველა დარტყმას ელოდა, ამ დროს კი ორიგინალურად პასი გაუკეთა გიზო მამაგეიშვილს და მანაც ზუსტად შეასრულა - 1:2. კარგად დამუშავებული იყო ეს სტანდარტი.

ამ მომენტამდე დინამოელთა მცველი ჯიმი ტაბიძე გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. ტაბიძემ შეიკნე სილა წააქცია.

სწორედ სილამ ბოლოს მესამე გოლი გაიტანა კონტრშეტევაზე. ზაზა ციცქიშვილის კარგი პასი გამოიყენა, წინ გამოსული მეკარე ლუკა კუტალაძე მოატყუა და ზუსტადაც დაარტყა - 1:3.

დინამო მეორე ადგილზეა, საბურთალომ კი მეოთხეზე გადაინაცვლა.