ახალი ამბები

მეშვიდე ტური: ორივე დინამომ მოიგო, შუქურამ გამარჯვების გემო გაიხსენა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ქობულეთის შუქურამ სეზონში მეორედ მოიგო. გაიმარჯვა ორივე დინამომაც: თბილისელებიც და ბათუმელებიც 7 ქულით უსწრებენ მესამეადგილოსანს. აქამდე თუ ბურთების შეფარდებით დინამო თბილისი ლიდერობდა, ახლა ბათუმელები გავიდნენ წინ...

სამტრედია 0:2 შუქურა 

ქობულეთელებმა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს და მიშიკო სარდალიშვილის დუბლით მოუგეს სამტრედიას. შუქურას კაპიტანმა ჯერ ცაციით ცხრიანში გაიტანა, მერე კი მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს  დაუხვდა და ერთ შეხებაში გადაგზავნა კარში. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. საბოლოოდ, 0:2.

შუქურა ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ფრედ არ უთამაშია (2 მოგება, 5 წაგება) და მეშვიდე ადგილზეა. სამტრედიამ კი ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ტურში გამარჯვების მერე, იმერულმა გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

თელავი 1:4 დინამო ბთ

დინამო ბათუმი თელავში აგებდა, მაგრამ 4:1 იმარჯვა, ბურთების შეფარდებით გაუსწრო დინამო თბილისს და ლიდერი გახდა.

კახეთის გუნდი ელდარ პარკინაშვილმა დააწინაურა  სწრაფი გოლით. იმედა აშორტიას პასის შემდეგ, პარკინაშვილმა დაარტყა და ბათუმელთა მეკარე ანტონ ჩიჩკანს ხელიდან გაუვარდა ბურთი... ეს პარკინაშვილის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ბათუმელთა შემტევმა გიორგი ზარიამ ექვს წუთში გაათანაბრა ანგარიში. მე-16 წუთზე 1:1 გახდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში თელავის მცველი ვაჟა ფაცაცია გააძევეს მეორე გაფრთხილების გამო. ბათუმელებმა ეს კარგად გამოიყენეს და სამი გოლი გაიტანეს...

ჯერ განელმა ბენჟამინ ტეიდმა უძლიერესი დარტყმით წინ გაიყვანა თავისიანები - 1:2. მერე ტეიდმა პენალტი მოიპოვა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი გამოიყენა, ხოლო 83-ე წუთზე სენეგალელმა მუსა კონატემ თავურით ეფექტური გოლი გაიტანა. ეს კონატეს პირველი გოლია დინამო ბათუმში.

დინამო თბ 2:1 ტორპედო 

დინამო თბილისმა გორში სძლია ქუთაისის ტორპედოს - 2:1. ეს ქუთათურების პირველი წაგებაა მიმდინარე სეზონში და უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან ორივე დინამოს: თბილისისას და ბათუმისას.

მატჩზე მოქმედებდა ვიდეოგამეორების (VAR) სისტემა.

პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა დინამომ კარგი კონტრშეტევა განახორციელა და ულად-ომარ იმრანმა ზუსტი დარტყმით დაასრულა - 1:0.

78-ე წუთზე ტორპედომ გიული მანჯგალაძის გოლით გაათანაბრა, ასისტენტობა კი ნიკა კაჭარავამ გასწია. თუმცა მალევე, ოთხ წუთში დინამომ გაიტანა და ეს გადამწყვეტი გამოდგა: გიორგი ხარაიშვილის პასი და შეცვლაზე შესული ვაგნერ გონსალვესის დარტყმა - 2:1. ვაგნერი მხოლოდ 7 წუთის შესული იყო მინდორზე.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დინამოელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ორჯერ გამოიტანა ბურთი არის ხაზიდან. ორჯერ სხირტლაძემ, თითოჯერ კი დავით კობოურმა და მეკარე დავით კერესელიძემ.