ახალი ამბები

ბოლოსწინა ტური: დაძაბულობა და ოქროს ფასის გოლები

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტური გაიმართა. საჩემპიონო რბოლაში მთავარი იყო მატჩი წყალტუბოში, სადაც ლიდერი დინამო თბილისი აგებდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა და პირველ ადგილზე დარჩა: დინამო თბილისს ერთი მოგება აშორებს ჩემპიონობამდე...

სამგურალი 1:1 დინამო თბ 

ისე გამოვიდა, რომ წყალტუბოს სამგურალი უმნიშვნელოვანეს, გადამწყვეტ როლს ასრულებს საჩემპიონო რბოლაში. წინა ტურში სამგურალმა დინამო ბათუმს გასვლაზე მოუგო, ახლა კი თბილისის დინამოსაც დააკარგვინა ქულები - 1:1.

თუმცა თბილისელებისთვის ამ ქულას ოქროს ფასი შეიძლება ჰქონდეს. ერთი ქულით წინ არიან ბათუმელებზე და ბოლო ტურში გაგრას თუ მოუგებენ, ჩემპიონები გახდებიან...

21-ე წუთი იყო, როცა სამგურალმა გაიტანა: ჯეფერსონ ჯერალდოს კარგ ჩაწოდებას მოჰყვა გიორგი ნიქაბაძის თავური. საინტერესოა, ნიქაბაძეს სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და აქედან 4 გოლი ბოლო სამ ტურში მიითვალა... და ჯეფერსონ ჯერალდოსთვის კი ეს მე-13 საგოლე პასი იყო სეზონში და ამ მხრივ საუკეთესოა.

დინამოელებმა 56-ე წუთზე გაათანაბრეს ულად-ომარ იმრანის ახლოდან გატანილით - 1:1. ეს გოლი, შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს: დინამოელები ლიდერებად დარჩნენ. რომ წაეგოთ, ბათუმელები იქნებოდნენ პირველზე...

სამგურალი კი მესამე პოზიციაზეა და ბოლო ტურში დილასთან თუ არ წააგებს, ისტორიაში პირველად გავა ევროტურნირებზე.

მატჩის დროს მოქმედებდა VAR-ი. ვიდეომსაჯი გიორგი ავაზაშვილი გახლდათ, ხოლო მისი ასისტენტი - დავით გაბისონია.

გაგრა 1:4 დინამო ბთ 

ბათუმელთაგან დუბლი შეასრულა ჯამბულ ჯიღაურმა. ორივეჯერ შორიდან დარტყმებით გაიტანა და პირველი უფრო ლამაზი გამოდგა... ჯიღაურს 8 გოლი მოუგროვდა მიმდინარე ლიგაში. თითო-თითო გოლი კი სტუმართაგან ჯოვინო ფლამარიონმა და მათე ვაწაძემ გაიტანეს. ფლამარიონი 19 გოლით ლიდერობს ბომარდირთა დავაში, მეორეზე მყოფ ირაკლი რუხაძეს კი 13 აქვს აქტივში.

გაგრადან ერთადერთი ბურთი მცველმა ლუკა ნოზაძემ გაიტანა.

გაგრა მერვე ადგილზეა, ანუ საპლეიოფო ზონაში. ბათუმელებს კი ჩემპიონობის ერთადერთი შანსი დარჩათ: თუ თბილისის დინამო ბოლო ტურში გაგრას ვერ მოუგებს... შეგახსენებთ, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ზღვისპირელები გახდებიან ჩემპიონები, რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან თბილისელებს.

თელავი 1:1 დილა 

დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა. დილა სწრაფი გოლით დაწინაურდა: ჟან ვიქტორის დარტყმული ბურთი თელაველთა მცველ ილია ბერიაშვილს მოხვდა და ასე გავიდა კარში... პირველივე ტაიმში ფეხბურთელები წაკინკლავდნენ და არბიტრმა თითო-თითო კაცი გაუძევა გუნდებს: თელავიდან ცოტნე კაპანაძე და დილადან ონორე გომისი.

მასპინძლებმა 77-ე წუთზე გაათანაბრეს დავით მუჯირის თავურით. საინტერესოა, რომ მუჯირი 5 წუთის შესული იყო მინდორზე. ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე ლიგაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი.

თელავი მეშვიდე ადგილზე დარჩა და დიდი შანსია, პლეი-ოფი აიცილოს თავიდან. რაც შეეხება დილას, მეოთხე საფეხურზეა და მესამეზე გასვლა შეუძლია: თუ ბოლო ტურში შინ სამგურალს მოუგებს.

ლოკომოტივი 0:1 საბურთალო 

საბურთალომ ბოლო წუთებზე გაუტანა აუტსაიდერ ლოკომოტივს: გიორგი ჯინჯოლავას ჩაწოდებას მოჰყვა იური ტაბატაძის ზუსტი დარტყმა და 0:1. ეს ტაბატაძის მერვე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

საბურთალომ მეექვსე ადგილზე დაასრულა სეზონი. ლოკომოტივმა კი 35 ტურში 8 ქულა მოაგროვა...

ტორპედო 3:0 სიონი 

ქუთაისელებმა დიდი ანგარიშით სძლიეს ბოლნისელებს, რომლებიც მეცხრე ადგილზე დარჩნენ.

პირველ ტაიმში გიული მანჯგალაძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა. მეორე ნახევარში კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: ჯერ თორნიკე ახვლედიანმა გიორგი ქიმაძის პასით... მერე კი ახვლედიანმა გააკეთა საგოლე გადაცემა და გიორგი კუხიანიძემ დააბოლოვა - 3:0.

მეორე და მესამე გოლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ნახევარმცველი კუხიანიძე ამ სეზონში ტორპედოს საუკეთესო ბომბარდირია 9 გოლით.

ტორპედო მეხუთე ადგილზეა, მაგრამ თასის ფინალი აქვს სათამაშო ლოკომოტივი 2-თან.