კალენდარი

კვირა, 14 აგვისტო

ორშაბათი, 15 აგვისტო

შაბათი, 20 აგვისტო

კვირა, 21 აგვისტო

ხუთშაბათი, 25 აგვისტო

პარასკევი, 26 აგვისტო

ახალი ამბები

ბათუმელებმა ლიდერობა გაიმყარეს; კვარაცხელია ბრწყინვალე ატმოსფეროში გააცილეს...

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის სამი მატჩი. დინამო ბათუმმა დიდი ანგარიშით მოუგო დინამო თბილისს და ლიდერობა გაიმყარა. ჯამში 16 გოლი ვნახეთ, მათ შორის, ჰეთ-თრიქიც...

დინამო ბათუმი 4:1 დინამო თბილისი 

შეხვედრის წინ ხვიჩა კვარაცხელია დაემშვიდობა გულშემატკივრებს. საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ბოლო თვეებში აშკარად გაალამაზა ჩემპიონატი. მან 8 გოლი გაიტანა ბათუმელთა მაისურით.

კვარაცხელია მოედანზე გამოვიდა და ემოციური ტექსტით მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს.

დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა და 4:1 მოუგო. ლიდერისა და მეორეადგილოსნის შეხვედრას მაყურებელთა დიდი რაოდენობაც დაესწრო, საფეხბურთო ატმოსფერო მშვენიერი იყო...

ზურიკო დავითაშვილის დარტყმულს ჯოვინო ფლამარიონმა შეუცვალა მიმართულება და 1:0. ეს ფლამარიონის მე-14 გოლია სეზონში. ბრაზილიელი ბომბარდირთა დავაში პირველია. მეორე გოლს რაც შეეხება, სანდრო ალთუნაშვილმა თითქმის 40 მეტრი ირბინა ბურთიანად და დაბალ კუთხეში ზუსტად დაურტყა პრიეტოს - 2:0. მესამე ბურთი ბენჟამინ ტეიდმა გაიტანა თავურით... ეს სამივე ბურთი პირველ ტაიმში გავიდა.

მეორე ნახევარში თბილისელებმა ერთი ბურთით შეამცირეს სხვაობა. კერძოდ, ეს შეცვლაზე შესულმა დავით სხირტლაძემ მოახერხა. თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დავითაშვილმა კონტრშეტევა დაასრულა გოლით: საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით გაუტანა ყოფილ კლუბს.

დინამო ბათუმმა ლიდერობა გაიმყარა. ახლა 9 ქულით უსწრებს დინამო თბილისს...

ტორპედო 4:1 დილა 

ქუთაისის ტორპედომ ზესტაფონის სტადიონზე 4:1 მოუგო გორის დილას. ჰეთ-თრიქი შეასრულა თორნიკე ახვლედიანმა. მას ამ მატჩამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი მიმდინარე სეზონში, ახლა კი ერთბაშად სამი მიითვალა. საინტერესოა, რომ ახვლედიანი 59-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ტორპედოდან პირველი და ეფექტური გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა. დილას რაც შეეხება, მათგან ერთადერთი ბურთი მალელმა ჰაჯი დრამემ ჩაიწერა. გორელები 41-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ, რადგან კაპიტანი ნიკა გაგნიძე გაუძევეს ორი გაფრთხილების გამო.

ტორპედო მეშვიდე ადგილზეა, დილა კი ჯერჯერობით მესამეზე დარჩა. გორელებმა ამ სეზონში პირველად გაუშვეს ერთ მატჩში 4 გოლი...

გაგრა 3:3 საბურთალო 

გაგრამ თბილისის დინამო არენაზე 3:3 ითამაშა საბურთალოსთან. მე-7 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დააწინაურა საბურთალო, ხოლო პირველივე ტაიმში გიორგი ქობულაძემ გაათანაბრა.

მეორე ტაიმის საწყის 13 წუთში შოთა სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს: ჯერ შოთა ნონიკაშვილმა, მერე კი გიორგი გულიაშვილმა.

საბურთალო მოგებასთან ახლოს იყო, 87-ე წუთამდე ფორით იგებდა, მაგრამ გაგრამ ბოლომდე იბრძოლა და დარჩენილ მცირე დროში ორი ბურთი გაიტანა. ეს ჯერ ნოდარ ლომინაძემ, მერე კი გიორგი ბუხაიძემ მოახერხეს. ლომინაძე დინამო თბილისიდან გაგრაში გაანათხოვრეს და პირველივე მატჩში გოლით გამოიჩინა თავი.

გაგრა მეცხრე ადგილზე დარჩა, საბურთალო კი მეხუთეზეა.

 

ტურის კიდევ ორი მატჩი 2 ივლისს გაიმართება

სამგურალი-ლოკომოტივი 

სიონი-თელავი