ახალი ამბები

პირველი წრის ბოლო ტური; ბათუმელები ისევ იგებენ, ზედა სამეულში ერთი ცვლილებაა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტური. ამით დასრულდა პირველი წრე. მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის დინამომ ზედიზედ მესამედ მოიგო დიდი ანგარიშით, ხოლო უახლოესმა მდევრებმა ქულები დაკარგეს.  

სამგურალი 0:0 დილა 

სამგურალი წყალტუბოში დაბრუნდა. 26 მაისის სტადიონზე ამ სეზონში პირველი მატჩი გაიმართა, სამგურალმა გორის დილას უმასპინძლა და შეხვედრა 0:0 დასრულდა. ეს წყალტუბოელებისთვის ზედიზედ მესამე, ხოლო მთლიანობაში მეხუთე ფრეა. დილამ კი პირველად ითამაშა ფრედ...

გორელები მეორე ადგილზე დარჩნენ და სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ბათუმის დინამოს.

ლოკომოტივი 1:2 სიონი 

ლოკომოტივი შინ დამარცხდა სიონთან და კვლავ უქულოდაა. სიონი კი ბოლოსწინაზე დარჩა, მაგრამ ქულებით მიუახლოვდა სხვა გუნდებს: მინიმალური სხვაობითღა ჩამორჩება.

პირველ ტაიმში ბოლნისელები თომა ტაბატაძის პენალტით დაწინაურდნენ, ლოკომოტივიდან კი ირაკლი ჭიაბრიშვილმა გაათანაბრა. ეს ჭიაბრიშვილის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. გამარჯვების გოლი კი ლუკა ხორხელმა გაიტანა.

გაგრა 1:0 დინამო თბილისი 

გაგრამ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დინამო თბილისთან შეწყვიტა - 1:0. ეს ერთადერთი ბურთი მათე კვირკვიამ გაიტანა. აღვნიშნოთ, რომ კახა ცხადაძის გუნდი 24-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა საბა ხვადაგიანის გაძევების გამო. დინამოელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ჩაატარეს გამარჯვების გარეშე.

საინტერესოა, რომ გაგრას მიმდინარე სეზონში სამი მოგება აქვს და სამივე თბილისურ კლუბებთან: ლოკომოტივთან, საბურთალოსთან და ახლა დინამოსთანაც.

თბილისის დინამო 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმის დინამოს.

თელავი 0:2 საბურთალო 

თელავმა საბურთალოს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. გოლები შოთა ნონიკაშვილმა და შეცვლაზე შესულმა ნოდარ ქავთარაძემ გაიტანეს. საბურთალოს კარგი სერია აქვს და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეოთხეზე კი თბილისის დინამო დაქვეითდა. ხოლო თელაველებმა სეზონის საწყის 2 შეხვედრაში 6 ქულა აიღეს და  მას შემდეგ ზედიზედ 7 ტური არ მოუგიათ. კახეთის გუნდი მერვე ადგილზეა...

ტორპედო 0:3 დინამო ბათუმი 

ქუთაისის ტორპედომ შინ 0:3 წააგო მოქმედ ჩემპიონთან. ბათუმელები 25-ე წუთზე უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონის დუბლით. მეორე ტაიმში კი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. შეგახსენებთ, ხვიჩამ წინა შეხვედრაში დუბლი მიითვალა: გაგრასთან 5:2.

ჯოვინო ფლამარიონი კი ლიდერია ბომბარდირთა დავაში - 9 გოლი მოუგროვდა, აქედან 5 ბურთი ბოლო 3 თამაშში გაიტანა.