კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

შაბათი, 6 აპრილი

ახალი ამბები

დინამოები წინ არიან; ტორპედომ მოიგო; თელავი და სამგურალი მეზობლებად დარჩნენ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სამი მატჩი გაიმართა. შეხვედრები, რომლებიც მარტში უნდა ჩატარებულიყო და უამინდობის გამო გადაიდო... საინტერესო თამაშები ვნახეთ, თავისი ლამაზი და სადებიუტო გოლებითაც.

დინამო თბილისი 2:1 დილა 

დინამო თბილისმა 2:1 მოუგო გორის დილას და პოტენციური ლიდერია: კახა ცხადაძის გუნდს 5 ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს დაკარგული. მართალია, თბილისელები ერთი ქულით ჩამორჩებიან ბათუმის დინამოს, მაგრამ თამაში მარაგში აქვთ.

კვლავ გაიტანა ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ და დინამო სწრაფად დაწინაურდა, პირველი ტაიმის ბოლოს კი კაპიტანმა გიორგი პაპავამ მშვენივრად შეასრულა საჯარიმო.

მეორე ტაიმში კი დილას შემტევმა ვაგნერ გონსალვესმა ლამაზი თავურით შეამცირა სხვაობა. დილამ სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

ტორპედო 4:2 ლოკომოტივი 

ქუთაისის ტორპედომ 4:2 სძლია თბილისის ლოკომოტივს, რომელსაც ჯერჯერობით ქულა არ აქვს. მე-60 წუთისთვის ქუთათურები ოთხი ბურთით იგებდნენ და ოთხივე სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა: გიორგი კუხიანიძემ, მათე ცინცაძემ, ცოტნე ნადარაიამ და გიორგი არაბიძემ. საინტერესოა, ცინცაძემ ორი საგოლე პასიც გააკეთა.

ლოკომოტივმა ბოლო წუთებზე ორჯერ მოახერხა გატანა და ეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოახერხეს: გაბრიელ ხუციშვილმა და ლაშა აწყურელმა. თანაც, ორივესთვის ეს სადებიუტო გოლი იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ხუციშვილმა სულაც პირველად ითამაშა მთავარ ლიგაში... ტორპედო მერვე ადგილზეა.

თელავი 0:0 სამგურალი 

თელავი და სამგურალი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს - 0:0. ამ გუნდებს 8-8 ქულა აქვთ 5 მატჩში, ცხრილში მეზობლად, მეოთხე-მეხუთე ადგილებზე არიან. სამგურალს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან ზედიზედ ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. თელავსაც კარგი სტარტი აქვს, გუნდმა 5 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო...