კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

„ახალ ამპლუაში, თავს კომფორტულად ვგრძნობ“ - ვლადიმერ დვალიშვილი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა - ვლადიმერ დვალიშვილმა საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და ამჟამად ბათუმის დინამოს სპორტული დირექტორის პოსტს იკავებს. იმ კლუბის, სადაც ბოლოს თამაშობდა.

ლადომ ახალ ამპლუაში საქმიანობა აქტიურად დაიწყო - მისი კავშირებით, გუნდში რამდენიმე კარგი ფეხბურთელი მივიდა, მათ შორის, უკრაინელი ოლეკსანდრ აზაცკი და ფრანგი ვამარა სანოგო.

ვლადიმერ დვალიშვილი: „ინტუიცია მკარნახობდა და დავასრულე კარიერა, ეს 4-5 თვით ადრე მქონდა გადაწყვეტილი.“

რთული არ იყო ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა?

ახალ ამპლუაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. სხვისთვის არ ვიცი, ჩემთვის კი რთული არ ყოფილა. მარტო ვერაფერს ვერ ვიზამდი, რომ არა კლუბის პრეზიდენტი - მადლობა არჩილ ბერიძეს. დრო გვიჩვენებს, რა და როგორ მოხდება, თუმცა, ამ საქმეში ბევრი რამ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

მომავალში მწვრთნელობას ხომ არ აპირებ?

არა, მწვრთნელობაზე არ მიფიქრია. დღეს სადაც ვარ, ეს მომწონს. არასოდესო - არ უნდა თქვა, მაგრამ თითქმის გამოვრიცხავ. არ ვიცი, როგორც ბავშვი ირჩევს ფეხბურთის თამაშს, ან კალათბურთის, ან ჭიდაობს, ასეა ესეც.

1

ბათუმის დინამოს ახალწვეულ ვამარა სანოგოზე გვითხარი...

ძალიან ძლიერია, ლეგიაში პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ტრავმამ შეუშალა ხელი, თორემ ლეგიაზე უკეთეს გუნდშიც მოხვდებოდა. იდეალურ ასაკშია, 25 წლისაა და ახლა ჯანმრთელად არის. იმედი მაქვს, ბათუმის დინამოს დაეხმარება.

რა დაგაკლდათ შარშან და შარშანწინ ჩემპიონობამდე? ახლოს იყავით, ლიდერობდით...

შარშანწინ მთავარი პრობლემა მინდორი იყო, სადაც ვთამაშობდით და ვარჯიშებს ვატარებდით. გუნდი კი ისეთი სტილით თამაშობს, რომ ცუდ გაზონზე ძნელია შედეგის მიღწევა.

ჩვენი პლუსი რა უნდა ყოფილიყო? მინდორი და გულშემატკივრები... აი, შარშანაც ჩემპიონატის ყველაზე პრინციპული მატჩი ქუთაისში ჩავატარეთ (თბილისის დინამოსთან 1:3), პლუს ქომაგების გარეშე. იმედია, ახლა სხვანაირად იქნება. ახლა სამი თვე თბილისში ვიქნებით, მანამდე კი ბათუმში ბაზაზეც გაკეთდება კარგი მინდვრები. ახალ სტადიონზე ახალი გაზონი გვექნება - საფარს ცვლიან და არაჩვეულებრივი მინდორი კეთდება. ბაზას დაახლოებით სამი თვე სჭირდება, მთავარ სტადიონზე კი შესაძლოა, მანამდეც მოესწროს თამაში.

ამიტომ, პირველ ტურებში შეიძლება ისე მოხდეს, რომ თბილისში ვივარჯიშოთ და ბათუმში ჩავატაროთ საშინაო მატჩები. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა და ევროტურნირებზეც კარგად უნდა გამოვიდეთ - ნავსი უნდა გავტეხოთ!

1

შენი კარიერის საუკეთესო სეზონს თუ გამოარჩევ?

მქონდა ბევრი კარგი პერიოდი, ასევე მძიმეც. 5-6 წელი სტაბილურ დონეზე ვითამაშე - გოლები გამქონდა. პიკს, ვიტყოდი - რიგის სკონტოდან დაწყებული, პოლონეთის ლეგიაში ჩატარებული სეზონის ჩათვლით. მინიმუმ 15 გოლი გამქონდა სეზონში, რაც ცოტა არაა. ტოპ-ფორვარდისთვის ბევრი არ არის, თუმცა რომ გადავხედო, ცუდი წლები არ იყო. თბილისის დინამოში, ოლიმპში და საბურთალოში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობაც კარგად მახსენდება.

მწვრთნელი, რომელმაც შენს კარიერაში განსაკუთრებული როლი შეასრულა და გენდო?

უპირველესად გია გეგუჩაძე. დგება დრო, ბავშვთა ფეხბურთიდან დიდებში უნდა გადახვიდე. 16 წლის მივედი დინამოს აკადემიაში, რომელიც ახალი გახსნილი იყო და ხელმძღვანელი გეგუჩაძე გახლდათ. სინჯების შემდეგ დამიტოვეს გუნდში.

კონტრაქტს მოვაწერე ხელი - სტიპენდია დამინიშნეს. ეტაპობრივად პირველ გუნდში გადავედი, სადაც იმ დროს უკვე გია გახლდათ მთავარი მწვრთნელი და სიმბოლურია რომ სწორედ მისი მწვრთნელობის დროს დავასრულე შარშან კარიერა. ასე რომ, მის როლს გამოვარჩევ. ქართველებიდან ასევე ვიტყოდი გიორგი ჭიაბრიშვილზე - მცოდნე სპეციალისტია. უცხოელებიდან - პოლონელი სტოკოვიეცი, პოლონიაში როდესაც ვიყავი. ექტორ კუპერი, ვინც ნაკრებში პირველად გამომიძახა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ასევე ვლადიმირ ვაისიც - ბევრი დადებითი რამ შეგეძლო მისგან აგეთვისებინა.

? fb: FC Dinamo Batumi