კალენდარი

ოთხშაბათი, 23 ივნისი

კვირა, 27 ივნისი

სამშაბათი, 29 ივნისი

ხუთშაბათი, 1 ივლისი

ახალი ამბები

უხვგოლიანი დღე გორში და ქუთაისში - ევროპის ლიგის საგზურის ბედი ბოლო ტურში გადაწყდება

  • ტორპედო 1:5 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრა, რომელსაც იმერლები უკვე პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიას მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, საბოლოოდ 1:5 დასრულდა.

ლოკომოტივმა 22-ე წუთზე ანგარიში მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილი გოლით გაათანაბრა და ამის შემდეგ სტუმრებმა მეტოქეს კიდევ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ირაკლი სიხარულიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი კი ულად-ომარ იმრანის ანგარიშზეა. დღევანდელ მატჩში გამორჩეული იყო თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც აქტივში სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

17 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედო 16 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ლოკომოტივმა კი დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 29 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარი მატჩი დედაქალაქურ კლუბს ბოლო ტურში მთავარ კონკურენტ გორის დილასთან ელოდება. 

  • დილა 4:3 საბურთალო

დრამატული გამოდგა დაპირისპირება, რომელიც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე დილასა და საბურთალოს შორის გაიმართა. ორივე გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძვის. შესაბამისად სამ ქულას მაღალი ფასი ჰქონდა. შეხვედრა საბურთალოს უპირატესობით დაიწყო და 28-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა მასპინძელთა კარში ლოგიკური გოლი გაიტანა. სტუმართა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. დილამ გოლით თბილისურ კლუბს 4 წუთში უპასუხა. ლაზარე კუპატაძის კარი გიორგი ლაცაბიძემ აიღო. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი საბურთალომ კიდევ ერთი გაიტანა. იური ტაბატაძემ თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

ძალიან აქტიურად დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი დილამ. 46-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ აღადგინეს წონასწორობა ლიდორ კოენის გოლით. 57-ე წუთზე ბექა ქავთარაძემ ლევან კორღალიძის გუნდი ისევ წინ გაიყვანა. საპასუხო გოლი ამჯერად რომარიკ ეტოუმ შეაგდო. დაპირისპირებაში საკვანძო მომენტი 72-ე წუთზე დადგა. საბურთალოს კარის მიმართულებით კოვტალიუკის მიმართ წესების დარღვევის გამო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც თავად შეასრულა ზუსტად უკრაინელმა ლეგიონერმა და დილას მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოუტანა. 

ამ დროისთვის საბურთალოს 24 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს, გორის დილა კი 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და მესამე ადგილის საკითხს ბოლო ტურში ლოკომოტივთან გაარკვევს.