სამუშაო შეხვედრას, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით შედგა, სასტუმრო რედისონმა უმასპინძლა და მას ეროვნული ლიგისა და ლიგა 2 -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი, უშუალოდ კლუბების წარმომადგენელთაგან ჩემპიონატში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. მონაწილეებმა ამ ეტაპზე არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს და მომავალი სეზონისათვის მოსამზადებელ პერიოდში არსებული საკითხების მოგვარებაზე იმსჯელეს.
შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრების უმთავრესი მიზანი, სწორედ კლუბების მოსაზრებების მოსმენა და შემდგომში მათი გათვალისწინებაა. დავით მუჯირის განცხადებით, საუბარი იმ სავარაუდო სიახლეებსაც შეეხო, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ჩემპიონატის მეტი განვითარებისათვის მომავალ სეზონში გეგმავს:
„მოგეხსენებათ ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გვაქვს წინ. ამასთანავე მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად გარკვეული დრო გვჭირდება. მოვისმინეთ ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომლის წინაშეც კლუბები და ფედერაცია აღმოჩნდნენ, როგორც მიმდინარე ისე გასულ სეზონში. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცდებით, დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღებული ყველა სურვილი მომდევნო სეზონში გავითვალისწინოთ. ეროვნული ჩემპიონატი წლიდან წლამდე პროგრესირებს და ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს პერმანენტული. სწორედ ამიტომ გვსურდა, რომ ყველა კლუბის მოსაზრება მოგვესმინა. წინ გვაქვს თასის ფინალი, ჩემპიონატის დასკვნითი ტურები და პლეი-ოფები და მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. მომავალი სეზონისთვის სამზადისი უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, დღევანდელი საუბარი ასევე შეეხო იმ პროექტებსა და სავარაუდო სიახლეებს, რომელიც მომავალი სეზონიდან შესაძლოა დაინერგოს.”- აღნიშნა დავით მუჯირმა.
შეხვედრის პროდუქტიულობა კლუბების ხელმძღვანელებმაც შეაფასეს.
„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით სეზონის განმავლობაში და შემდგომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ რა მიღწევები გვაქვს, რა პრობლემები გვაქვს. ამასთან, იცით, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ესეცაა შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა.ასევე ვისაუბრეთ დაფინანსების სისტემაზე და ფონდზე, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან საჭიროა არამარტო კლუბებისთვის, არამედ ზოგადად, ქართული ფეხბურთისათვის.“- აღნიშნა ვიტ-ჯორჯიას დირექტორმა, გურამ რუხაძემ.
„ბუნებრივია, გროვდება საკითხები, რომელზეც ყველამ ამ შეხვედრების ფარგლებში აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრებისას, ამ პროცესში მივალთ საჭირო გადაწყვეტილებებამდე.“- აღნიშნა თბილისის ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ყიფიანმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კლუბების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მონაწილე კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში გააგრძელებს.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ