კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ევროთასები: ტორპედომ ფარერებზეც დიდი ანგარიშით მოიგო, ჩიხურა სლოვენიაში დამარცხდა...

  • ვიკინგური 0:4 ტორპედო
  • მარიბორი 2:0 ჩიხურა

ქუთაისის ტორპედომ, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი, ფარერის კუნძულების ჩემპიონთან - ვიკინგურთან გასვლაზე, ტოფტირში ჩაატარა და მეტოქე სვენკასკარზე დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა!

ტორპედომ კუნძულელელებს ქუთაისშიც დამაჯერებლად - 3:0 მოუგო და საბოლოოდ მესამე ეტაპს, კახა ჩხეტიანის გუნდი ორი მატჩის ჯამში - 7:0 გამარჯვებით ხვდება. ტოფტირში ანგარიში, ქუთაისელთა ლეგიონერმა - მილოშ ლანშიმ მე-11 წუთზე, ეფექტური დარტყმით გახსნა.

შემდეგ ცენტრალურმა მცველებმა - ალექსანდრ ოზაცკიმ და მამუკა კობახიძემ გაიტანეს, ხოლო საბოლოო ანგარიში ქუთაისელთა შემტევმა - თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა (რომელმაც პირველ შეხვედრაშიც გაიტანა) - 0:4.

"მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს..." თქვა კახა ჩხეტიანმა მატჩის შემდეგ. "მოთამაშეები სერიოზულად მოეკიდნენ ამ მატჩს და შედეგიც სახეზეა, მინდა ყველა ტორპედოს ქომაგს მივულოცო ეს გამარჯვება."

ტორპედოს მეტოქე, შემდეგ ეტაპზე ალბანური - კუკესი იქნება "სამწუხაროა, რომ მომდევნო ეტაპზე, საშინაო მატჩის ჩატარება თბილისში გვიწევს და არა ჩვენს სტადიონზე ქუთაისში. თუმცა რათქმაუნდა გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კუკესის ბარიერი დავძლიოთ."

კუკესის, სადაც ქართველი ლეგიონერი ირაკლი ძარია თამაშობს, ტორპედო 9 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხზე უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა შკორდერში 16 აგვისტოს გაიმართება.

წარუმატებელი გამოდგა საჩხერის ჩიხურას საპასუხო მატჩი სლოვენიაში, სადაც თბილისში - მიხეილ მესხზე 0:0 შემდეგ, გასვლაზე მარიბორთან სოსო ფრუიძის გუნდი 2:0 დამარცხდა.

შეხვედრა, თბილისური მატჩის მსგავსად, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა 70-ე წუთზე მარიბორის ბრაზილიელმა კაპიტანმა - მარკოს ტავარესმა, ცენტრიდან ეფექტური გადაცემით ლუკა ზაჰოვიჩი, დინო ჰამზიჩთან ერთი-ერთზე გაიყვანა და სლოვენიელს ხელსაყრელი პოზიციიდან, გოლის გატანა აღარ გაჭირვებია.

გოლიდან მალევე, თეიმურაზ მარკოზაშვილის გადაცემის შემდეგ, ანგარიშის გათანაბრება ახლო მანძილიდან საჩხერელთა შემტევს - მიშიკო სარდალიშვილს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული კარს აცდა. სოსო ფრუიძე შეტევის გაძლიერებას შეეცადა - ლაშა ჩიკვაიძის და ლევან კაკუბავას ნაცვლად, მატჩში დემურ ჩიხლაძე და გიორგი ბუხაიძე ჩაერთნენ, თუმცა იმერლებმა გათანაბრება ვერ შეძლეს.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ბრაზილიელმა მარკოს ტავარესმა (რომელმაც მარიბორთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. შემდეგ ეტაპზე მარიბორი სტივენ ჯერარდის გლაზგო რეინჯერსს დაუპირისპირდება.