კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა, თბილისის იბერია 1999-მა 1:0 მოუგო გორის დილას და ლიდერობა გაიმყარა.მატჩის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელ ლევან კორღალიძესა და საუკეთესო ფეხბურთელ ივა გელაშვილს პრიზები გადასცა.
მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მშრალად მოიგო. 1:0 გორის დილასთან. ეს ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა მეორე ტაიმის შუაში. ირაკლიმ მეკარე დავით კერესელიძის მიერ მოგერიებული ბურთი გაგზავნა კარში.
საინტერესოა, რომ სიხარულიძისთვის ეს 127-ე გოლია საქართველოს მთავარ ლიგაში. ამ მაჩვენებლით დაეწია ჯაბა დვალს და მასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. პირველზეა ზურაბ იონანიძე 216 გოლით, მეორეზე - ლევან ხომერიკი (140).
გოლამდე და მერეც საკმაოდ იყო მომენტები. 0:0-ზე არბიტრმა ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა თბილისელთა კარში, მაგრამ შემდეგ VAR-ზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება შეცვალა. იმ მომენტში დილას შემტევ აბუბაქარ კონტესა და იბერიელთა მცველ დერეკ აგიაკვას შორის იყო ორთაბრძოლა.
იბერია 1999-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოს შარშან 18 სექტემბერს წააგო. ზედიზედ 28 მატჩში არ დამარცხებულა. ახლა იბერია 1999 7 ქულით უსწრებს დილას და ასევე დინამო ბათუმსაც, რომელსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.
იბერია 1999
დილა
რუსთავი
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
კოლხეთი 1913
გორი
სამტრედია