კალენდარი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ხუთშაბათი, 2 მაისი

პარასკევი, 10 მაისი

შაბათი, 11 მაისი

ახალი ამბები

სამგურალმა პირველად მოიგო; დილამ და ტორპედომაც გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის კიდევ სამი მატჩი გაიმართა. ამ მომენტისთვის ლიდერია გორის დილა... გორელთა გარდა, თავიანთი თამაშები მოიგეს ქუთაისის ტორპედომ და წყალტუბოს სამგურალმა. 

სამგურალი 2:1 თელავი 

წყალტუბოელებმა სეზონში პირველად მოიგეს. მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილ სამგურალს წინა ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი ერთ მატჩში ორჯერ მოახერხა.

სამგურალი ლუკა შეროზიამ დააწინაურა დაბალ კუთხეში დარტყმით. სწრაფი გოლი...

მეორე ნახევარში თელავმა გაათანაბრა გიორგი ხაბულიანის თითქმის იმავე ადგილიდან გატანილით - 1:1. ოდნავ კუთხე იყო მახვილი.

გამარჯვების ბურთი კი ლუკა ხორხელმა მიითვალა, რომელმაც გიორგი ფანცულაიას პასი გამოიყენა და ახლოდან ზუსტად დაარტყა. ეს 77-ე წუთზე მოხდა.

სამგურალმა ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა, თელავი კი მეშვიდეზეა. მათ შორის მხოლოდ ერთი ქულაა სხვაობა.

გაგრა 0:1 ტორპედო 

ქუთაისის ტორპედომ თბილისში 1:0 სძლია გაგრას. ეს ტორპედოელთა პირველი გასვლითი მოგებაა მიმდინარე სეზონში.

35-ე წუთი იყო, როცა გიორგი არაბიძემ შორიდან ძლიერად დაარტყა, მეკარე გიორგი ბედიაშვილმა მოიგერია ბურთი და დამატებაზე ბიორნ იონსენმა გაიტანა. სხვათა შორის, თითქმის იდენტური გოლი გაიტანა ტორპედომ წინა შეხვედრაში ფოთის კოლხეთი 1913-თან: არაბიძის სარტყმა, გამოვარდნილი ბურთი და იქ შერგელაშვილმა დაამატა...

იონსენს რაც შეეხება, ეს მისი მეხუთე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ნორვეგიელი ბომბარდირთა დავაში პირველია.  ტორპედო მეოთხე ადგილზეა, გაგრა - ბოლოზე.

დილა 3:0 სამტრედია 

დილამ გაიმარჯვა და ამ მომენტისთვის ლიდერია.

გორელებმა 3:0 აჯობეს სამტრედიას. ორი გოლი პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში გავიდა. ჯერ სტუმართა მცველმა ზურაბ გიგაშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი ნიკა გაგნიძემ შეასრულა ზუსტად; მერე კი შოთა შეყილაძემ მშვენიერი ფინტით მოატყუა სამტრედიელთა მცველი ლეო ასუნსეო, პასი დაუგორა აბუბაქარ კონტეს და მანაც ძლიერი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს კონტეს პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მეორე ტაიმის შუაში კი შეყილაძემაც გაიტანა: გაგნიძის ჩაწოდებულს თავური მიაყოლა და 3:0.

სამტრედიას 74-ე წუთზე პენალტით შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ გიორგი გოგოლაშვილის დარტყმული ბურთი დავით კერესელიძემ მოიგერია...